გვარამიას საქმე: ხელისუფლება საელჩოებისგან განმარტებას ელოდება

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ქართული მხარე ელოდება არამარტო განმარტებებს, არამედ მოქმედებას - მოსამართლეებზე სანქციების მოხსნას.
თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო ელოდება განმარტებას საელჩოებისგან, რომლებიც ნიკა გვარამიას საქმის გამო მონაწილეობდნენ ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის კამპანიაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
2022 წლის 16 მაისს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხისა" და ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელ ნიკა გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
გვარამიამ დანაშაული არ აღიარა. მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვაზე უარი მიიღო. ამის შემდეგ გვარამიამ გადაწყვიტა გააგრძელოს ბრძოლა - მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
„ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ შეტყობინება, რითაც საბოლოო ჯამში დადასტურდა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა და აბსოლუტური სპეკულაცია იყო პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ ერთი კვირის მანძილზე არც ერთი საელჩოსგან, რომლებიც ორი წლის წინ „იყვნენ მონაწილენი ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიის", განმარტება არ გაკეთებულა.
„შეგახსენებთ მაშინდელი დიპლომატების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ და მათ შორის, გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლებმა პირდაპირ მოსთხოვეს ანგარიში ქართველ მოსამართლეს კონსტიტუციის და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
„ამიტომაც, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ელოდება განმარტებას: იყო ეს ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების თუ საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოების" მხრიდან განზრახ შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართული მხარე ელოდება არამარტო განმარტებებს, არამედ მოქმედებას - მოსამართლეებზე სანქციების მოხსნას. დადასტურდა, რომ ეს სანქციები იყო უსამართლო", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
როგორც ადრე ჩხიკვაძემ განაცხადა, ბურკმა შეხვედრისას მას ასევე შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. იგი იყო ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
„ამ უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
დასავლეთის რეაქცია განაჩენზე
მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება მაშინვე უარყო აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, აშშ-ის საელჩო არ იყენებს თავის პროგრამებს ვინმეს დასასჯელად და არც ჩხიკვაძის წინააღმდეგ დაუწესებია სანქციები. დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საელჩო არ ერევა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებებში და არ მართავს ფარულ შეხვედრებს.
რაც შეეხება თავად გვარამიას საქმეს, დეგნანის თქმით, იგი „პრობლემური იყო თავიდანვე" და რომ შეერთებული შტატები იმედგაცრუებულია როგორც ბრალდებებით, ასევე განაჩენით. „სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩარევის აღქმაც კი, პოლიტიკური ჩარევა, ძირს უთხრის სამართლიანობას საქართველოში, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას“, - განაცხადა დეგნანმა 2022 წლის ივნისში.
2023 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ მ შუალედურ ანგარიშში დაწერა, რომ საქართველომ პროგრესს ვერ მიაღწია მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების მიმართულებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.
გვარამიას საქმე
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენების საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც გვარამია მისი გენერალური დირექტორი (2019 წლის ივლისამდე - რედ.) იყო. გვარამია სამივე ინსტანციის სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0