კალაძე: არსებობენ ძალები, რომლებსაც სასამართლოს დაქვემდებარება სურთ

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2024
გამოწერა
კალაძის თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის კონსტიტუციასა და სახელმწიფოებრიობას ყველამ უნდა სცეს პატივი.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. არსებობენ ძალები, რომლებსაც სურთ დაიქვემდებარონ სასამართლო და მოსამართლეები, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.
„პირდაპირ ვთქვათ, არსებობენ ძალები, რომელთაც აქვს იმის სურვილი, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო, მოსამართლეები და ამ ყველაფერს მართავდნენ. არა კონსტიტუცია და ქართველი ხალხი, არამედ კონკრეტულად ის პიროვნებები თუ ორგანიზაციები", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სასამართლო სისტემა, რომელიც არსებობდა ხელისუფლებაში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება დღევანდელი სასამართლო სისტემისგან.
„ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვიცით ყველაფერი, როგორ მოქმედებს ქვეყნებში კამპანიების დაფინანსება, რა უდევს ამას საფუძვლად და რატომ კეთდება ეს ყველაფერი. მგონი, ქართველმა ხალხმაც ყველაფერი უკვე ძალიან კარგად გაანალიზა, კარგად ხვდება და ყველაფერს თავის სახელს არქმევს", - განაცხადა კალაძემ.
მმართველი პარტიის გენმდივანმა როგორც აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის კონსტიტუციასა და სახელმწიფოებრიობას ყველამ უნდა სცეს პატივი.
„საქართველოს გააჩნია კონსტიტუცია და კანონები, რომელსაც პატივს ვცემთ... საქართველო არ არის რომელიმე ქვეყნის გუბერნია ან შტატი. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვაქვს კონსტიტუცია და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და ქართველ ხალხს", - განაცხადა კალაძემ.
ტელეკომპანია „იმედის" მტკიცებით, საქართველოში ერთ-ერთი ქვეყნის საელჩომ „ვეტინგ-კონტროლის" შემოღების მომხრე მოსამართლეები ევროპაში მიიწვია. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა ნატა წნორიაშვილმა მოსამართლეები ეკა არეშიძე, მადონა მაისურაძე, თამარ ხაჟომია და თამარ ჩიხლაძე იტალიაში წაიყვანა. ყველა მოსამართლე, ჩიხლაძის გარდა, ღიად უჭერს მხარს ე.წ. ვეტინგ-კონტროლის შემოღებას.
ვინ ითხოვს „ვეტინგ-კონტროლს" საქართველოში? დეპუტატის განმარტება>>>
გასულ კვირაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების პირობების შესრულებისა და საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, აუცილებელია შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა იმ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებენ ამ პროცესში.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების თემა დახურულია, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაა მზადაა „ვეტონგ-კონტროლის" თემაზე ევროკავშირის არგუმენტები მოისმინოს.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.
ყველა ახალი ამბავი
0