პაპუაშვილი: უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა ქართულ სასამართლოზე ზეწოლის ტოლფასი გახდა

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2024
გამოწერა
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში კლანი მართავს და სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლი უზრუნველყოფს.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა სასამართლო სისტემაზე თავდასხმის ტოლფასი გახდა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ქართულმა მედიამ 11 მარტს უზენაესი სასამართლოს სხდომიდან ჩანაწერი გაავრცელა, სადაც მოსამართლეები „ვეტინგ-კონტროლის" საკითხს განიხილავდნენ და ზოგიერთი მათგანი წინააღმდეგ წავიდა.
„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა შეწყდეს სასამართლოზე თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა.
რას ეხება ჩანაწერი?
ჩანაწერში ისმის, თუ როგორ განიხილავენ „ვეტინგ-კონტროლის" სისტემის შემოღების საკითხს მოსამართლეები და რაზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძეს მწვავე რეაქციები აქვს.
„ჩვენ, სასამართლოში, რატომღაც მუდმივად გვაკომპლექსებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება ვართ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ერთადერთი მიზანია, ჭეშმარიტად ევროპული მართლმსაჯულება დავუტოვო ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს შვილებს. ამიტომაც, გევედრებით, არასოდეს არავინ მითხრას, რომ ვინმეს კეთილსინდისიერების უფრო მაღალი სტანდარტი აქვს, ვიდრე მე ვიცავ მთელი ცხოვრების მანძილზე“, - განაცხადა ქადაგიძემ.
მისი თქმით, თუ „ვეტინგ-კონტროლს" შემოიღებენ, იგი უარს იტყვის მოსამართლის მანტიაზე.
„კატეგორიულად უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე, არ ვცხოვრობდი იმისთვის, რომ მაკონტროლონ ყოველწლიურად, ისევ და ისევ... ყოველწლიურად ვავსებ ქონებრივ დეკლარაციას, მზად ვარ, რომ იგი უფრო დეტალურად შეისწავლონ. თეორიულად შემიძლია ვივარაუდო, რომ ვიღაცას არ მოსწონთ ჩემი კვალიფიკაცია, მაგრამ ვინ უნდა შეამოწმოს ჩემი კეთილსინდისიერება? დაე შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს", - განაცხადა ქადაგიძემ.
„თუ ჩემი ცხოვრებით ვერ შევძელი დამტკიცება, რომ პატიოსანი ვარ, ნამდვილად არ ვარ ღირსი ვიყო უზენაესი სასამართლოს წევრი. თავმჯდომარეობაზე საუბარიც კი არ შეიძლება“, - დასძინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.
ანალოგიურ პოზიციაზეა მოსამართლე შალვა თადუმაძე. „მოსამართლეები არ არიან კორუმპირებული. და საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის კორუმპირებული და ვინ არა", - განაცხადა თადუმაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძეს და სხვა მოსამართლეებს მათი პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა. „კიდევ ერთხელ მინდა პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლებას დაქვემდებარებული კლანი მართავს. ისინი ამტკიცებენ, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას მხოლოდ ვეტინგ-კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს. მათი აზრით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებმა უნდა შეამოწმონ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ადრე განაცხადა, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საკმარისია და მოთხოვნა „ვეტინგ-კონტროლის“ შემოღების შესახებ არის მანიპულაცია. „ვეტინგ-კონტროლის" დანერგვას მხარი დაუჭირა ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბექაურმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მოსამართლეთა „ვეტინგ-კონტროლს" მოითხოვენ, გამუდმებით ხდებიან ხელისუფლების კრიტიკის ობიექტები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს, გასცდა თავის კომპეტენციას - ისინი ერევიან პოლიტიკაში და უფრო მეტიც, ზიანს აყენებენ სახელმწიფოს.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. ევროკავშირი მოითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპლექსურ რეფორმირებას, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტი საქართველოში და სასამართლო ხელისუფლების მთავარი მმართველი ორგანო.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, იხელმძღვანელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, ხოლო მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს შენიშვნები არ არის საკმარისი და საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
2023 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ვენეციის კომისიის დასკვნაში სასამართლო რეფორმის თაობაზე საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების, ფუნქციების, შემადგენლობისა და არჩევის წესის გადახედვის აუცილებლობაზე, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა ამ ორგანოს მიმართ. ასევე აღნიშნულია, რომ ყოვლისმომცველი რეფორმა არ შეიძლება განხორციელდეს არსებული საკანონმდებლო ბაზის მცირე კორექტირებით.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდელის გადასინჯვას დადებითი შეფასება მისცა და ახლა გაუგებარია, რატომ გახდა კვლავ საჭირო ცვლილებები.
ყველა ახალი ამბავი
0