ქართული ფეხბურთის გარღვევა: უეფა აღფრთოვანებულია საქართველოს ნაკრების EURO-24-ზე გასვლით

© AP Photo / Tamuna Kulumbegashviliსაქართველოს ნაკრები საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2024
გამოწერა
ბოლო წლების მიღწევებს შორის აღინიშნა საქართველოს ნაკრების წარმატებული თამაში ერთა ლიგაში და C-დან B დივიზიონში გადასვლა.
თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო-2024-ზე გასვლის შემდეგ, , ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა (უეფა) ისტორიულ მოვლენას სახელწოდებით „ქართული ფეხბურთის გარღვევა“ ვრცელი მასალა მიუძღვნა, სადაც ბოლო წლების წარმატების მიზეზებზეა საუბარი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. დაძაბულ ბრძოლაში ვილი სანიოლის გუნდმა შესარჩევი მატჩების პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. წილისყრის შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ევრო 2024-ის“ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველომ ისტორია შექმნა და მსხვილ ტურნირზე ასპარეზობის უფლება პირველად მოიპოვა. ეს არის უახლესი მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია უეფას დახმარებისა და თამაშის განვითარების სტრატეგიის გამოყენებით.
როგორც უეფა წერს, თბილისში „დინამო არენას“ მოედანზე ზეიმის აღნიშვნის კადრები, ათასობით ქომაგი და მოთამაშეების ცეკვა კარგად გამოხატავს ამ მიღწევის მასშტაბურობას.
„ზოგიერთებისთვის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოხვედრა სიურპრიზია, თუმცა ვინც ქართულ ფეხბურთს ახლოდან აკვირდება, აღნიშნავენ, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე მათი ყოფნა დიდი ხანია მოსალოდნელი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.
ბოლო წლების მიღწევებს შორის აღნიშნულია საქართველოს წარმატებული ასპარეზობა ერთა ლიგაში და С-დან B დივიზიონში გადასვლა.
„2024/25 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში საქართველო B დივიზიონში იასპარეზებს და კიდევ უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ მოსინჯავს საკუთარ ძალებს“, - ნათქვამია სტატიაში.
ნაკრების წარმატებას წინ უძღოდა U-19 და U-21 ახალგაზრდული ნაკრებების შესამჩნევი პროგრესი და ახალგაზრდული ჩემპიონატების გამართვა.
„2017 წელს საქართველომ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, ფინალს კი 25 000 ადამიანი დაესწრო. 2023 წელს საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, რა დროსაც საქართველოში გამართულ მატჩებს საერთო ჯამში რეკორდული რაოდენობა - 316.023 ადამიანი დაესწრო“, - ნათქვამია სტატიაში.
ევროპის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, პროგრესის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მონაწილეობაა UEFA Grow-ის მხარდაჭერის გრძელვადიან პროგრამაში.
პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს საჭირო უნარებს და გამოცდილებას, რათა ეროვნულ ასოციაციებს გაეწიოს დახმარება ფეხბურთის განვითარების პრიორიტეტული პროექტების შეთანხმებაში.
კერძოდ, ქართულ მხარესთან ერთად შემუშავდა ფეხბურთის ფედერაციის 2022 - 2026 წლების სტრატეგია, რომელმაც არამარტო ჩაუყარა საფუძველი შემდგომ წარმატებას, არამედ შეასრულა საკვანძო როლი U-21-ის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარებაში.
გარდა ამისა, საქართველო იღებს დაფინანსებას უეფას HatTrick პროგრამის მეშვეობით. ამ ინვესტიციებმა ხელი შეუწყო ფედერაციის მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მათ შორისაა სტადიონების კაპიტალური რემონტი და მრავალი სასწავლო ცენტრის შექმნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მაღალი ხარისხის საფეხბურთო ობიექტებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
გარდა ამისა, 2014 წელს ნიჭიერი, ელიტარული ახალგაზრდა მოთამაშეების განვითარებისთვის საქართველოში ფეხბურთის ეროვნული აკადემია დაარსდა.
როგორც უეფაში ფიქრობენ, ქართული ფეხბურთი ახალ წარმატებებს მიაღწევს როგორ ამ ზაფხულს, ისე მომავალშიც.
„ჯერჯერობით EURO-24-ზე კვალიფიკაცია იძლევა ქართული ფეხბურთის მომავლის შესახებ დაფიქრების შესაფერის მომენტს, არ იქნება გასაკვირი, თუ ის ახალ წარმატებებს მიაღწევს როგორც ამ ზაფხულს, ისე შემდგომაც“, - დაასკვნეს უეფაში.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. პირველი მატჩი თურქეთის წინააღმდეგ გერმანიაში 18 ივნისს გაიმართება.
წყარო - უეფა
ყველა ახალი ამბავი
0