სუბარი: კანონი უცხოური აგენტების შესახებ საქართველოშიც საჭიროა

© photo: Sputnik / Stringerსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
ეს აუცილებელია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად, დარწმუნებულია პოლიტიკოსი
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოში აუცილებელია საფრანგეთის მსგავსი კანონის მიღება სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად, განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
სუბარმა კომენტარი გააკეთა უცხოური ჩარევის აღკვეთის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც მხარი ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატამ დაუჭირა. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხოური სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედ პირთა რეესტრის შექმნას. რეესტრი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ ამერიკული კანონის (FARA) მოდელის მიხედვით შეიქმნება.
„მსგავსი კანონები მოქმედებს ბრიტანეთში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ახლა საფრანგეთშიც. ვფიქრობ, მსგავსი კანონი საჭიროა საქართველოშიც ზუსტად იმავე მიზნისთვის, რისთვისაც საფრანგეთშია – ეს არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დასაცავად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სუბარის თქმით, საფრანგეთის მიერ მიღებული კანონი გაცილებით მკაცრი და ფართოა, ვიდრე ის, რის მიღებასაც საქართველოში აპირებდნენ.
„ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის დასაცავად კეთდება. ეს ასე იყო ერთი წლის წინ, როცა ქართველმა „ენჯეოებმა“, რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა უცხოურმა პარტნიორებმა ცვლილებები „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს, მათ შორის ამერიკული კანონიც „რუსულ კანონად“ გამოაცხადეს და აქციები ისე დაიწყეს, რომ კანონი ხალხის უმრავლესობას წაკითხულიც არ ჰქონდა“, - განაცხადა სუბარმა.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ ამერიკული კანონი (FARA) რომ არ ყოფილიყო, საქართველოში არ ეცოდინებოდათ, რამდენი იხარჯება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ლობისტების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ასევე იმ ჩარევების შესახებ, რასაც რეზოლუციების მიღების თვალსაზრისით აკეთებენ, აღნიშნა სუბარმა.
საქართველოს საზოგადოებამ ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შესახებ სწორედ FARA-ს წყალობით შეიტყო, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წლის მარტში საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო, კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ყველა ახალი ამბავი
0