პრემიერი: რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმ თემს 237 მეჩეთი გადასცა, კიდევ 20 მზადაა გადასაცემად.
თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა და მშვიდობიანი თანაარსებობისა და ძმობის ეს ტრადიცია ძალიან ძვირფასია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმთა სათვისტომოს პატივსაცემად გამართულ იფთარზე.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუსლიმ თემს რამადანის მარხვის დასრულება მიულოცა და ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები უსურვა.
„საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა. დღესაც, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, ყველა რელიგიურ თემს, თითოეულ ინდივიდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეა და ამისთვის ჩვენ, სახელმწიფო, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მუსლიმ თემს საქართველოს განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს, აღნიშნა პრემიერმა.
„საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სახელმწიფომ მუსლიმ თემს დღემდე გადასცა 237 მეჩეთი, გადასაცემად გამზადებულია კიდევ 20.
სახელმწიფომ მუსლიმ თემს დაფინანსება გაუზარდა 4.150.000 ლარამდე და ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0