კორუფცია სამედიცინო სფეროში: სუს-მა რამდენიმე ადამიანი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2024
გამოწერა
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, კიდევ ორ ადამიანის აქვს ბრალდება წარდგენილი უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის.
ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი მენეჯერი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ სააქციო საზოგადოება „ვიანის” წარმომადგენელებთან და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში.
ამ დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო დაწესებულებებში რამდენიმე ათასი პაციენტის გადამისამართების სანაცვლოდ ცენტრის უფროსის ყოფილმა მოადგილემ და მისმა თანამშრომლებმა კლინიკებისაგან ქრთამის სახით მიიღეს, ჯამში, 532.126 ლარის ოდენობის ფულადი თანხა.
თავის მხრივ, კლინიკების ერთმა წარმომადგენელმა, მოხელეთათვის ქრთამის მიცემით, პაციენტების მოზიდვისათვის ბონუსის სახით მიიღო 149.010 ლარის, ხოლო მეორემ - 76.771 ლარის შემოსავალი.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე.
„ვიანის“ ბრენდის სახელით ოპერირება „ევექსი ჰოსპიტლებმა“ გასული წლის ზაფხულიდან დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0