მსჯავრდებულმა სააკაშვილმა თავის პალატაში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი მოაწყო - მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringerსააკაშვილი მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილი მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2024
გამოწერა
მდინარაძის თქმით, მსჯავრდებული სააკაშვილი ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობამ მოინახულა
თბილისი, 28 მარტი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეში თითქმის ათ ადამიანს იღებს და მას თავის პალატაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი აქვს გახსნილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ასე გამოეხმაურა მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებას, რომ დეპუტატებს არ უშვებენ სააკაშვილთან და მათი საჩივარი თვეობით არ განიხილება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშვილი და ოპოზიცია პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან.
„მისი ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას. გამოდის ტელევიზორში, სასამართლო ამის უფლებას აძლევს, თქვენ წარმოგიდგენიათ სად ვიყავით და სად ვართ? მსჯავრდებული, ბრალდებული ადამიანი სასამართლო პროცეს ესწრება როგორც ბრალდებული, გამოდის ჩართვებით, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს... დღეში ლამის 10 კაცი დადის, მიდი-მოდიან და „ნაცმოძრაობის“ ოფისივით აქვს იქ გახსნილი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, სააკაშვილი მნახველების უპრეცედენტო რაოდენობამ მოინახულა.
„ცოტა აღვიქვათ, რომ ის პატიმარია... ეს ადამიანი ახლა რას აკეთებს, რა სტატუსი აქვს, პატიმრობაშია ხომ? სანატორიუმი ჰქონდა გახსნილი იქ ფაქტობრივად და ახლაც არ აკლია ბევრი სანატორიუმამდე“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, პატიმართან პოლიტიკოსის დაშვების ან არდაშვების უფლება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციაა.
„დისკრეცია რას ნიშნავს? - ანუ, არ არის ეს ვალდებულება. როცა არის უფლება და თქვენ ვალდებულების კონტექსტში განიხილავთ და ამბობთ, რომ ამიტომ არღვევს, ეს არის ტყუილი არგუმენტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი არის ისტორიაში პირველი მსჯავრდებული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელმაც მოხსნა ყოველგვარი რეკორდი ვიზიტორების რაოდენობით და მსოფლიოშიც რეკორდსმენი იქნება ამ მხრივ.
მან აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დეპუტატს პატიმრის მონახულების უფლება მისცეს. მაგრამ, მისი თქმით, გარკვეული პერიოდია უკვე, სააკაშვილთან შესვლის ნებართვას აღარ ანიჭებს პარლამენტის წევრებს, რადგან ამის საჭიროებას ვერ ხედავს.
„ვნახეთ კიდევაც განცხადებები, რისთვისაც უნდათ მათ იქ შესვლა, ეს არის პოლიტიკური კონსულტაციები და ეს არ არის ამოცანა ამ უფლებით სარგებლობისა, რომ პოლიტიკური პაემნები ჰქონდეთ პოლიტიკურ ლიდერთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2021 წლის 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ სააკაშვილმა ჯამში ექვს თვეზე ნაკლები გაატარა ციხის საკანში, დანარჩენი დრო კლინიკებში აქვს გატარებული - ჯერ ციხის საავადმყოფოში, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში და 2022 წლის მაისიდან - კლინიკა „ვივამედში“.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0