დეპუტატი: სტრასბურგს გვარამიას საქმის მოსამართლის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ შეჰპარვია

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზში
ნიკა გვარამია სასამართლოს დარბაზში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2024
გამოწერა
2022 წლის მაისში გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში
თბილისი, 28 მარტი — Sputnik. ის რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორის, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ამჟამად პარტია „ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო, ნიშნავს რომ სტრასბურგის სასამართლოს არ ეპარება ეჭვი ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილების სისწორესა და სამართლიანობაში და მის კეთილსინდისიერებაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.
გვარამიამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
გვარამია 2022 წლის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. იგი, განაჩენის გამოტანისთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
„ქართველი მოსამართლე „გააშავეს“, ლამის იყო დაასანქცირეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გაუშვეს ამ გადაწყვეტილების გამო. აღმოჩნდა, რომ ევროპული სასამართლო მას მხარს უჭერს და აბსოლუტურად არ შეაქვს ეჭვი მისი გადაწყვეტილების სისწორეში და სამართლიანობაში. ეს არის კეთილსინდისიერებაზე შემოწმება“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ხოლო, გვარამიას კიდევ ერთხელ უთხრეს რომ გაძარცვავ ბანკს, შენს ტელევიზიას თუ შენს ოჯახს, დამნაშავე დამნაშავეა, აღნიშნა დეპუტატმა.
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ საქართველოში ე.წ. ვეტინგ-კონტროლის სისტემის შემოღების თემა დახურულია და უცხოელები სახელისუფლებლო შტოების წარმომადგენელთა კეთილსინდისიერებას ვერ გააკონტროლებენ, ეს გამორიცხულია.
სკანდალი გვარამიას საქმის ირგვლივ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელიც გვარამიას საქმეს განიხილავდა, ადრე განაცხადა, რომ გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
ჩხიკვაძემ მაშინ ასევე აღნიშნა, რომ ბურკმა შეხვედრისას მას შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
იმასთან დაკავშირებით, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო გვარამიას სარჩელი, კომენტარი თავად ჩხიკვაძემ გააკეთა.
„პატივს ვცემ სტრასბურგის გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ეტაპისთვის ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე მეტს, რაც თავად სტრასბურგის სასამართლომ მიიღო“, - განაცხადა მოსამართლემ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.
ყველა ახალი ამბავი
0