საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების მატჩს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის არბიტრი განსჯის

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის ცნობილი პოლონელი არბიტრი შიმონ მარცინიაკი განსჯის. ამის შესახებ ინფორმაციას უეფას ავრცელებს.
საქართველო-საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება.
შიმონ მარცინიაკი მსოფლიოში აღიარებული რეფერია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ფიფამ ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა-საფრანგეთის მატჩის განსჯა დაავალა.
26 მარტს დაგეგმილ მატჩზე მარცინიაკს ასევე პოლონელი არბიტრები დაეხმარებიან – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი ლაინსმენებად იმუშავებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი სლოვაკი ივან კრუჟლიაკი იქნება. ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე პოლონელები, ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი შეასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ მარჩინიაკმა 2021 წლის 31 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა განსაჯა, რომელიც 1:1 დასრულდა.
ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალის გზაზე საქართველომ ლუქსემბურგის გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, საბერძნეთმა კი ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 5:0 სძლია.
გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. საბერძნეთის ნაკრებს 2004 წელს უკვე აქვს მოგებული ევროპის ჩემპიონატი.
ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0