როდის იქნება შესაძლებელი ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზით გადაადგილება

© Roads Department of Georgiaზესტაფონის გზა
ზესტაფონის გზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა - მძღოლები ისარგებლებენ ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით.
თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით გადაადგილება მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
რიკოთი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აერთიანებს და ამავე დროს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. რიკოთზე საერთო ჯამში 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზა მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს, რაც მგზავრობის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი–ხევის 11,6 კმ-იან, ხევი–უბისას 12,2 კმ-იან, უბისა–შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი–არგვეთას 14,7 კმ-იან მონაკვეთებად.
უწყების ცნობით, E60 ავტომაგისტრალის, რიკოთის საუღელტეხილო გზის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ამ ეტაპზე 17 ხიდიდან აშენებულია15 ხიდი, ხოლო ათი გვირაბიდან ათივე გვირაბი გაჭრილია. სამუშაოების ფიზიკური პროგრესი დღეის მდგომარეობით80%-ია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი ოთხზოლიანი გზით, რომელიც არგვეთის კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე ურთულესი საინჟინრო ნაგებობებით.
რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტია, რადგან მისი რეალიზაციის შედეგად ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება.
ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების დასაშვები სიჩქარე გაიზრდება, რიგ მონაკვეთებზე კი თითქმის გაორმაგდება. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მონაკვეთების მშენებლობაზე 2,6 მლრდ ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ყველა მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ „წითელი ხიდიდან" (აზერბაიჯანთან საზღვარი) სარფამდე (თურქეთთან საზღვარი) ჩასვლა რვა საათის ნაცვლად 4–4,5 საათში იქნება შესაძლებელი.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0