ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში - ყველაფერი კანონპროექტის შესახებ

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2024
გამოწერა
მმართველმა პარტიამ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირა
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. ერთსქესიანთა ქორწინების, სქესის შეცვლისა და ქვეყანაში მსგავსი პროპაგანდის აკრძალვის მიზნით მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების დეტალები გასაჯაროვდა.
ინიციატივა მიმართულია ფსევდოლიბერალური ღირებულებების წინააღმდეგ, საქართველოში ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად, განაცხადა მმართველო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად საჭიროა პარლამენტის დეპუტატთა სიის 2/3-ის, ანუ მინიმუმ 113 დეპუტატის ხმა. საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც წარმოადგენს „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა", ამჟამად პარლამენტში მხოლოდ 83 ადგილი აქვს.
ცვლილებები პუნქტების მიხედვით:
1. კანონმდებლობის დონეზე შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
ყველა ახალი ამბავი
0