მოსამართლე: საქართველოში „ვეტინგ-კონტროლის" დანერგვის წინაპირობები არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლოს შენობა
საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
მოსამართლის მტკიცებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში კორუფცია არ არის
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. თბილისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი 2024 წლის 11 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას იმისი თაობაზე, რომ ე.წ. ვეტინგ-კონტროლი საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა იუსტიციის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 11 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კონტროლის მექანიზმები საკმარისია და მოთხოვნა „ვეტინგ-კონტროლის“ შემოღების შესახებ არის მანიპულაცია, რომელიც პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას.
„ჩვენი პოზიცია ეფუძნება იმას, რომ სათანადო წინაპირობები ამ ექსტრაორდინარული პროცედურისთვის, როგორიც არის ე.წ. ვეტინგი, საქართველოში არ არსებობს განსხვავებით, მაგალითად, უკრაინისგან, ალბანეთისა და უკვე მოლდოვისგან, სადაც ეს პროცედურა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე წელია, დაახლოებით ცხრა წელია, მიმდინარეობს და დასასრული არ უჩანს, მაგალითად, ალბანეთში", - განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს გარკვეული მიკერძოებული სტრუქტურები, როგორიცაა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში იმდენად დიდი კორუფციაა, რომ ე,წ, ვეტინგ-კონტროლის დანერგვაა საჭირო. მსგავსი ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არ არსებობს.
„ანუ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია და მყარი მონაცემები, რომ საქართველოს საერთო სასამართლო სისტემებში არის იმგვარი მასშტაბის კორუფცია, რომ საჭიროებდეს ექსტრაორდინარულ პროცედურას, რაც არის „ვეტინგი“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიამ, ალბანეთში „ვეტინგის" სისტემის დანერგვის შეფასებისას მიუთითა, რომ ეს პროცედურა ქმნის უდიდეს დაძაბულობას სასამართლო სისტემაში და არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ქვეყანაში, თუ კორუფცია არ აღწევს იმ მასშტაბებს, როგორიც ალბანეთშია.
„აქ საუბარია არგუმენტირებულ პოზიციაზე და როცა ევროკავშირი თავის რეკომენდაციებში მიუთითებს „ვეტინგის“ შემოღების აუცილებლობაზე, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლოა. იმის გამო, რომ ასეთი სიტუაცია იყო, მაგალითად, ალბანეთსა თუ უკრაინაში, რაც აღიარებული იყო თავად ევროკომისიის ანგარიშებში“, - განაცხადა გვრიტიშვილმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამაც, როგორც გამონაკლისი, მიიჩნია, რომ ეს იყო აუცილებელი.
„თუმცა იმავე სახის დასკვნები არც ევროკომისიის და არცერთი სხვა ავტორიტეტული სუბიექტის მიერ, რომლებსაც ძალუძთ, ობიექტურად ჩაატარონ კვლევა, ასეთი მონაცემები საქართველოსთან მიმართებაში დადებული არ არის“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.
ოპოზიცია და არასამთავრობო ირგანიზაციები სასამართლო რეფორმის ფარგლებში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის წინადადებით გამოდიან, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ. მარტის დასაწყისში „ვეტინგ-კონტროლის" დანერგვას მხარი დაუჭირა ორმა მოსამართლემ - ეკატერინე გასიტაშვილმა და ნინო ბექაურმა.
ვნებათაღელვა სასამართლო სისტემის ირგვლივ
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“. მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
ამასთან, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი - ძირითადად, მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო.
ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში ოთხი რეფორმა განხორციელდა და ახლა რეფორმების მეხუთე ტალღა მზადდება.
მოსამართლეები, რომელთაც ოპოზიცია „კლანის" წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ - 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ ოჯახებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
საქართველოს ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აშშ-მ წაყენებული ბრალდებების მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0