მდინარაძე: ევრონესტის რეზოლუციის ჩაგდება არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2024
გამოწერა
რეზოლუციის ტექსტს მხარი მხოლოდ მოლდოვის დელეგაციამ დაუჭირა
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუციის ჩაგდება არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ მომზადებული რეზოლუციის ინიცირებისთვის, რომელიც სამი ქვეყნის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება, ათი ხმა იყო საჭირო. თუმცა, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ქართველმა ოპოზიციონერებმა მას მხარი არ დაუჭირეს. უკრაინის წარმომადგენლებმა თავიანთი გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკური კურსის უკმაყოფილებით ახსნეს. მათ საქართველო დაადანაშაულეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი მხოლოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა და მოლდოვას დელეგაციის წევრებმა მოაწერეს - რეზოლუციაზე მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი გახდა უკრაინის დელეგაციის პოზიციისა და ქართველი ოპოზიციონერების გამო, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს აღნიშნულ ტექსტს.
„წარმოუდგენელია სხვანაირად შეაფასო, რომ საქართველოს შესახებ ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით უპოზიტიურესი უამრავი ჩანაწერი იყოს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და ამას მხარი არ დაუჭირო. ბოლო წუთამდე ჰქონდეს ვიღაცას შენი იმედი და ბოლო წუთზე უარი უთხრა, ეს არის შენი საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. სხვანაირად ეს ვერ შეფასდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, თუმცა ევროკავშირის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდებოდა.
ევრონესტი – ეს არის პარლამენტთაშორისი ასამბლეა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) დელეგაციებისგან.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0