ეს მთელი გუნდის დამსახურებაა - ზივზივაძემ საქართველოს ნაკრების გამარჯვება შეაფასა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVფეხბურთი. საქართველო-ლუქსემბურგი
ფეხბურთი. საქართველო-ლუქსემბურგი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ 26 მარტს საბერძნეთის ნაკრებს დაამარცხებს.
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება ლუქსემბურგთან მთელი გუნდის დამსახურებაა, განაცხადა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბუდუ ზივზივაძემ.
ხუთშაბათს პირველ ნახევარფინალურ თამაშში საქართველომ მარტივად დაამარცხა ლუქსემბურგი - 2:0. ორივე გოლი „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. თავდამსხმელს პირველი ტაიმის დასაწყისშივე შეეძლო ჰეთ-თრიკის გატანა, მაგრამ მსაჯმა ზივზივაძეს მეკარის წინააღმდეგ სახიფათო თამაში დაუფიქსირა.
„ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებოდით. მარტო 11 კაცის არა, 26 ფეხბურთელი ვართ განაცხადში და ყველას დამსახურებაა ეს გამარჯვება. მხოლოდ ნახევარია საქმის გაკეთებული და დანარჩენს 26-ში უნდა მივხედოთ", - განაცხადა ზივზივაძემ.
ფინალში 26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება და იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატში გასვლაზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება.
ზივზივაძის თქმით, მან თავისი სიტყვა შეასრულა და საკუთარ თავზე აიღო ლუქსემბურგთან მატჩი, შემდეგ კი ესტაფეტას გადასცემს გუნდის ლიდერს, „ნაპოლის“ გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მატჩი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
„როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვთქვი, „ლუქსემბურგს“ ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს-მეთქი. ეგრეც მოხდა... უბედნიერესი ვარ, რადგან დუბლი შევასრულე, ჩემი გოლებით გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის, გუნდმაც ძალიან მაგრად ითამაშა“, - განაცხადა ზივზივაძემ.
ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ძალიან ამაყობს თავისი გუნდით და ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრები დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
ყველა ახალი ამბავი
0