რადიკალური ოპოზიცია არჩევნებისთვის არ ემზადება - ვიცე-სპიკერი

© courtesy of Giorgi Kakhianiგიორგი კახიანი
გიორგი კახიანი - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2024
გამოწერა
ამის ნაცვლად რადიკალური ოპოზიციონერები დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან, დარწმუნებულია პოლიტიკოსი
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. რადიკალური ოპოზიცია არ ემზადება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ აწარმოებს დისკრედიტაციის კამპანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის და მისი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილის წინააღმდეგ, რათა შემდეგ ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ისინი სრულიად პროპორციული იქნება და პარლამენტში მოხვდებიან მხოლოდ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ. მანდატების რაოდენობა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ხმების რაოდენობაზე და იმაზე, თუ რამდენი პარტია გადალახავს ბარიერს.
„რადიკალური ოპოზიცია დღესაც არ ემზადება არჩევნებისთვის. ცესკო-ს თავმჯდომარის პიროვნების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანია აქვთ აგორებული; ცალკე ცესკო-სთან მიმართებაშია ეს კამპანიები და ა.შ. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ თავიდანვე შექმნან ნაღმები, რომელსაც მერე, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ, მაგრამ ჩვენ მათ ამის შესაძლებლობას არ მივცემთ“, – აღნიშნა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერების მტკიცებით ოპოზიციას შეუერთდა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში" ვეტო დაადო. პრეზიდენტისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
პრეზიდენტის ვეტოს მხარი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შეცვლის ბერკეტი მათ არ ჰქონდათ. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ 19 მარტს ვეტო დაძლია.
ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტის წევრთა 3/5-ით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიონ.
კახიანის განცხადებით, როდესაც ცესკო-ს თავმჯდომარის უმრავლესობით არჩევაზეა საუბარი, მოსახლეობამ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით აირჩია და, შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება ამ პოლიტიკურ ძალას ჩააბარა.
„ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, ჩვენ კი ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კახიანმა.
„ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება თუ არა და ოპოზიციური პარტიები გადალახავენ თუ არა 5%-იან ბარიერს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს, აღნიშნა კახიანმა.
„ჩვენ მოსახლეობასთან გვაქვს ყოველდღიური შეხება. გარდა ამისა, გვაქვს სოციალური კვლევების შედეგები და კონსტიტუციურ უმრავლესობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის რეალური მოცემულობა“, - განაცხადა კახიანმა.
დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე ადრე იყო, ამას ბოლო არჩევნების შედეგებიც მოწმობს. კახიანის თქმით, ეს დაახლოებით 60%-ია.
„კონსტიტუციური უმრავლესობა გულისხმობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს კონსტიტუციური უმრავლესობა ისე კი არ გავიგოთ, რომ რაღაც კონკრეტული მიზანი გვაქვს, კონსტიტუციაში რაღაც შეიცვალოს. ჩვენ ამ მიზნით არ გვინდა კონსტიტუციური უმრავლესობა. უბრალოდ, ეს რეალური მოცემულობაა“, – განაცხადა კახიანმა.
დღეს, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 20%-ის ფარგლებში იქნება და ეს კარგია, მიიჩნევს დეპუტატი.
„ასევე არის რამდენიმე პარტია, რომელიც, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფორმით განშტოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა პარტიები დღეს თითქოს ემიჯნებიან „ნაციონალურ მოძრაობას“, საბოლოო ჯამში, როგორც კი საჭიროება დაუდგებათ, გაერთიანდებიან“, - აღნიშნა კახიანმა.
ამას ყველა ხვდება, ამიტომ, კახიანის თქმით, მათ „კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ აღიქვამენ.
„დღევანდელი მდგომარეობით, ისინი 5%-იან ბარიერსაც ვერ ლახავენ“, – ამის შესახებ გიორგი კახიანმა „პირველი არხის“ გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირველ რიგში ის პარტიები ასოცირდებიან, რომლებიც „ნაცმოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა დააარსეს. მათ შორისაა „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ევროპული საქართველო“. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ აღიქვამენ.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
ამჟამად ოპოზიციურ სპექტრში არჩევნების წინ ძალთა გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
ყველა ახალი ამბავი
0