საქართველომ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს - კალაძე დღევანდელ მატჩზე ლუქსემბურგთან

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა მოთამაშეს ესმის ლუქსემბურგთან მოახლოებული შეხვედრის მნიშვნელობა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის ფინალში 26 მარტს თბილისში, მეორე ნახევარფინალური წყვილის ყაზახეთი-საბერძნეთის გუნდების შეხვედრაში გამარჯვებულთან ითამაშებს. ამ შეხვედრაში გამარჯვება გუნდს ევრო 2024-ზე ისტორიულ გასვლას უზრუნველყოფს.
„ყველა ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა, შესაბამისად, მინდვრის ყველა მონაკვეთზე მიღწეულ გამარჯვებას, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს აქვს გათვითცნობიერებული. ამ შემართებით, ამ სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულით, დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს“, - განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, ეს გამარჯვება სჭირდება არამარტო ქართულ ფეხბურთს, არამედ მთელს ქვეყანას და მის მომავალს.
„იმ პატარებს, ახალგაზრდებს, რომლებიც თვალებანთებული შესცქერიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, აქვთ იმედი და სურვილი, რომ ისინი დიდი ფეხბურთელები გაიზარდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ერთ დროს თავადაც ოცნებობდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი თაობის მოთამაშეებს ასეთი შანსი არ მიეცა.
მერმა ასევე გააფრთხილა გულშემატკივრები, რომლებიც მატჩის ყურებას არა მარტო „დინამო არენაზე“, არამედ პირველი რესპუბლიკის მოედანზეც აპირებენ, თბილად ჩაიცვან და თან იქონიონ საწვიმრები, რადგან სინოპტიკოსები თბილისში საღამოს წვიმას პროგნოზირებენ.
კვირის დასაწყისში თბილისის მერიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ქალაქის ცენტრში დიდი ეკრანის დამონტაჟება გადაწყვიტა, რათა იმ გულშემატკივრებმა, რომლებმაც თამაშის ბილეთების ყიდვა ვერ მოასწრეს, მატჩს ერთად უყურონ.
„ლუქსემბურგთან" დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ნაწილი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული იტალიის ნაკრებია.
ყველა ახალი ამბავი
0