ბუჩუკური: მომავალ პარლამენტში გახარიას პარტია იქნება წარმოდგენილი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2024
გამოწერა
პარტიის მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ამას სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 21 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ქვეყნის მომავალ პარლამენტში მხოლოდ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იქნება წარმოდგენილი, განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „საქართველოსთვის“ ანა ბუჩუკურმა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. პარლამენტში მოხვდებიან ის პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
„ძირითადად, ჩვენ გვისვამენ ჟურნალისტები ამ კითხვას: ვისთან შექმნით კოალიციას არჩევნების შემდეგ - "ნაციონალურ მოძრაობასთან" თუ "ოცნებასთან" და მარტივად ვხვდები რატომ: ჩვენ იმიტომ გვეკითხებიან, რომ დღევანდელი მოცემულობით, "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" გარდა (თუმცა, "ნაცმოძრაობა" ისეთ დღეშია, რა ეშველებათ, არ ვიცი), მხოლოდ ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც შემდეგ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
პარტიის მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება და ამას სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, აღნიშნა დეპუტატმა.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" კი იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა" არის „წითელი ხაზი“, გადახედვას არ ექვემდებარება.
„დღევანდელ „ოცნებას" რაც შეეხება - რომ არ ყოფილიყო მათი პოლიტიკა პრობლემა, მე პირადადაც არ წამოვიდოდი „ოცნებიდან", მე მრავალი წლის განმავლობაში „ოცნების" მხარდამჭერი ვიყავი“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ამ დროისთვის ოპოზიციურ სპექტრში საარჩევნოდ ძალების გადანაწილება მიმდინარეობს, პოლიტიკოსები აქტიურ კონსულტაციებს მართავენ ახალი პოლიტიკური ძალების და კოალიციების შექმნის თაობაზე.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ".
ყველა ახალი ამბავი
0