ვის აფინანსებენ ამერიკელები საქართველოში?
© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy
/ გამოწერა
მდინარაძის განცხადებით, აშშ-დან გამოყოფილი თანხებით ბევრი კარგი წამოწყებაც ფინანსდება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, დონორები რას აფინანსებენ.
თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში არავინ იცის, რას ხმარდება ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული და რეალურად რა ფინანსდება აღნიშნული თანხით, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების თემა ერთ-ერთი აქტუალურია საქართველოში. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ დასავლეთის მიერ დაფინანსებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს საზიანოდ მოქმედებს. მათი ნაწილი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, ფიქტიურად ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს.
„ჩვენ ნამდვილად არ ვიცით ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის. ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში. ამიტომ დაარქვეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს „რუსული კანონი“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოში 2023 წლის მარტში იყო მცდელობა, გამჭვირვალე გამხდარიყო არასამთავრობოების დაფინანსება, როდესაც აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ანალოგი უნდა მიეღოთ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი.
მდინარაძის თქმით, ქართულ საზოგადოებაში რეალურად არავინ იცის, რაში იხარჯება უცხოელი დონორების ფული.
„ამერიკელმა გადამხდელმა კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა, საქართველოს რომელიმე მოქალაქემ ცოტა დაზუსტებულად მაინც იცის სად მიდის ეს ფული? - არავინ იცის ეს ყველაფერი", - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, დაფინანსების გაუმჭვირვალობის გამო გაუგებარია, სახრების რა ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, პარტიებზე და რა ხმარდება ეროვნულ საქმეს.
„აი, ამ პარადოქსულ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როცა ფინანსები, ერთი მხრივ, აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა - პარტიაში რა მიდის, „ენჯეოში" რა მიდის, რა ფინანსდება, რა მართლა ხმარდება რეალურ საქმეს", - განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ხშირად უცხოური დაფინანსება ხელისუფლების რყევისთვის გამოიყენება.
„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ძალიან ხშირად, ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა გამოიყენება დეზინფორმაცია მტრობის სტიმულირებისთვის. საზოგადოებას უფრო მეტი ყურადღება დასჭირდება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ ადამიანებმა სატყუარები არ დაარიგონ და ამ სატყუარას არავინ წამოეგოს", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ცუდი არ იქნებოდა იმის გარკვევა, თუ სად წავიდა აშშ-ის მიერ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის გამოყოფილი 6 მილიარდი დოლარი, როგორც ამას აშშ-ის საელჩო აცხადებდა.
„ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო აშშ-ის საელჩოდან ადრე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ საქართველომ, სავარაუდოდ, 6 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო აშშ-დან ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს დღეს გაიმეორა USAID-ის რეგიონულმა დირექტორმა", - განაცხადა ხუნდაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, აშშ საქართველოს დახმარებასაც უწევს, მაგრამ ამას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებენ.
„აშშ ზოგჯერ რეალურად, ქმედით და სარგებლიან დახმარებას სწევს, მაგრამ ის საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და ყველა სახელმწიფო და მათ შორის ისიც, ამ დახმარებას, პირველ რიგში, საკუთარ ინტერესებზე მოსარგებად იყენებს", - განაცხადა ხუნდაძემ.
2023 წლის მაისში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ევროპული საქართველო“ დაადანაშაულა ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნაში, რომლებიც პარტიებს უცხოური გრანტებით აფინანსებდნენ.