საქართველოში ზოგიერთი კომპანია სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას აგრძელებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცი მობილურით
მამაკაცი მობილურით  - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2024
გამოწერა
შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ აბონენტის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის მოქალაქეებისგან მიღებულ განცხადებებს SMS-რეკლამის გაგზავნისთვის მათი პერსონალური მონაცემების შესაძლო უკანონო დამუშავების თაობაზე, განაცხადეს უწყების პრეს-სამსახურში.
საქართველოში სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის აგრესიული მარკეტინგული კამპანია 1 მარტიდან აკრძალულია. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თანახმად, შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ აბონენტის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე.
„ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამსახურმა დაიწყო სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების - საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის - მიერ სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების შესწავლა.
1 მარტიდან საქართველოში სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა იზღუდება>>>
როგორც უწყებაში აღნიშნეს, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე.
ჯარიმის ოდენობას, რომელიც დაეკისრება კანონდამრღვევებს, განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე კომპანიისთვის ჯარიმა შეადგენს 2 ათას ლარს, ხოლო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3 ათას ლარს. დამამძიმებელი გარემოებების დადგენის შემთხვევაში თანხა იზრდება.
ჯარიმის ზედა ზღვარი 20.000 ლარია.
გარდა ამისა, აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ინფორმაცია, თუ რომელი წყაროებიდან იქნა მიღებული მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
განახლებული კანონი, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიას იძლევა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამუშაოების ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.
მოქმედი კანონი „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ მიღებულ იქნა ხელშეკრულების გაფორმებამდე - 2011 წლის იანვარში. 2023 წლის ივნისამდე მასში 26 ცვლილება შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0