საპენსიო აქტივების სტატისტიკა - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ, 2024 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, 4,6 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებულმა წმინდა ამონაგებმა 941,1 მლნ ლარი შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში დაახლოებით 1,5 მლნ ადამიანია ჩართული. დღეისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის დაახლოებით 8,3 ათასმა პირმა, მათზე გაცემული თანხა კი 26,4 მლნ ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0