პრეზიდენტის ვეტო სადავო ცვლილებებზე - პარლამენტში მოტივირებული შენიშვნები განიხილეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2024
გამოწერა
პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტს ხმების იგივე რაოდენობა სჭირდება, რაც კანონის მიღებისთვის.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვას შეუდგა, თუმცა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილებაზე ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.
5 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც 11-გვერდიანია, პარლამენტს უკვე წარედგინა. კერძოდ, მისთვის მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობის გაუქმება, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
„ჩვენი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პარლამენტმა, კერძოდ კი უმრავლესობამ, უნდა გაიზიაროს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივი დასკვნა და ასევე შენიშვნები, რომელიც მოცემულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივ დასკვნაში. მხედველობაში უნდა მიიღონ შენიშვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ არჩევნების მშვიდობიან და სამართლიან გარემოში გამართვას", - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
მისი თქმით, თუ პარლამენტის მიერ მიღებული შენიშვნები ძალაში შევა, მაშინ „მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას".
ორშაბათს მსხილაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, თუმცა, დეპუტატებმა შენიშვნებს მხარ არ დაუჭირეს - კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტს.
„ქართული ოცნების" არგუმენტები
„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეფუძნება იმ საჭიროებებს, რაც აუცილებელია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
„ისინი, ვინც ამ პროცესს შეეწინააღმდეგება, მათ შორის პრეზიდენტი საკუთარი ვეტოთი, ბუნებრივია, იქნება უგულებელყოფილი და ვეტო იქნება დაძლეული მიმდინარე კვირას," - განაცხადა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ფორმალურად არის მოტივირებული, რადგანაც ზურაბიშვილის ერთადერთი მოტივაციაა ხელი შეუშალოს, ზოგადად, საარჩევნო კომისიის გამართულად ფუნქციონირებას, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
„პარლამენტს, ამ შემთხვევაში, უმრავლესობას აქვს ლეგიტიმაცია, რომ დაძლიოს ვეტო, რომელიც არაფერს ემსახურება და ემსახურება მხოლოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, რომ დაგმოს და უარყოს ყველაფერი ის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა წილოსანმა.
ოპოზიცია უძლურია
პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერენ ოპოზიციური პარტიები, თუმცა ოპოზიციას არ აქვს ბერკეტი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაცვლელად, რადგანაც ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო.
„ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი... აშკარაა, რომ კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ პირობებს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის სჭირდება. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამის გათვალისწინებით დაადო ვეტო. ბუნებრივია „ქართული ოცნება“ უკან არ დაიხევს და ამ ვეტოს დაძლევს", - განაცხადა ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
სადავო ცვლილებები
ცვლილებების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები უნდა აირჩეს დეპუტატების 90 ხმით, ანუ პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით.
თუ კანდიდატმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, რომელზეც საკმარისი იქნება უმრავლესობა, ანუ 76 ხმა. თუ კანდიდატი ამჯერადაც საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, მაშინ მესამე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ასევე საჭირო იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ ეს კენჭისყრაც წარუმატებელი აღმოჩნდა, საკითხი პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ პრეზიდენტი უარს იტყვის კანდიდატის შესარჩევ ღია კონკურსში ერთ-ერთი მონაწილის ცესკოს წევრად დანიშვნაზე, დაინიშნება ახალი კონკურსი.
ამასთან, ძალაში რჩება მანამდე მიღებული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს. მანვე უნდა წარუდგინოს პარლამენტს შერჩეული კანდიდატები კენჭისყრაზე.
ახალი ცვლილებებით უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდან ინიშნება.
კრიზისი ცესკოში
ამჟამად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვის ვადით აირჩიეს. იგი მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში კვლავ გახდა ცესკოს თავმჯდომარე იგივე (6 თვის) ვადით.
2022 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა კალანდარიშვილის პარლამენტისთვის წარდგენაზე უარი თქვა მიუხედავად იმისა, რომ იგი კანდიდატებს შორის იყო. შედეგად, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ არცერთ კანდიდატს არ მიუღია ხმების საკმარისი რაოდენობა, თუნდაც ექვსი თვით თანამდებობაზე ასარჩევად.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კალანდარიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები შეინარჩუნა.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას მმართველი პარტიის ხელდასმული უწოდა. კრიტიკა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების შემდეგ გაძლიერდა. ოპოზიციონერებმა ცესკო კენჭისყრის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებს საარჩევნო კომისიების მუშაობაში სერიოზული დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0