თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიჟირაფი
ჟირაფი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2024
გამოწერა
თბილისის ზოოპარკისთვის, რომელიც 2015 წელს მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად სერიოზულად დაზარალდა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 48 ჰექტარზე მეტი გამოიყო.
თბილისი, 12 მარტი - Sputnik. თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ, ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.
როგორც გურიელმა აღნიშნა, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასასრულს უახლოვდება. თუ რომელი ქვეყნებიდან ჩამოიყვანენ ჟირაფებს, ამის შესახებ სექტემბერში გახდება ცნობილი.
„საჟირაფე შენდება, ეს არის ყველაზე რთული შენობა და ძალიან დიდი ხანი დასჭირდა მის აშენებას, უახლოეს პერიოდში უნდა დამთავრდეს და ამასობაში ჩვენ ვზრუნავთ ჟირაფების ჩამოყვანაზე. მისი ტრანსპორტირებაც საკმაოდ რთული და ძვირადღირებული საქმეა“, - განაცხადა გურიელმა.
მისი თქმით, თბილისის ზღვის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ეყოლება შესაბამისი კონსულტანტები და კარგად გაწვრთნილი მომვლელები.
„მომვლელებმა შარშან უკვე გაიარეს ტრენინგი ჰოლანდიის ერთ-ერთ ზოოპარკში და წელს კიდევ გაგრძელდება ტრენინგები. ჩვენი ორი ვეტ-ექიმი გაემგზავრება სამხრეთ ამერიკაში იქაური ცხოველების შესასწავლად. ჟირაფების გარდა გვეყოლება მარტორქები და ბეჰემოტებიც", - განაცხადა გურიელიძემ.
2015 წლის13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც თბილისის ზოოპარკი ტერიტორია თითქმის მთლიანად გაანადგურა და მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი იმსხვერპლა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენება გადაწყდა. ახალი ზოოპარკისთვის 48 ჰექტარი ფართობი გამოიყო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი და როდის შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას.
ახალი ზოოპარკის სივრცე ბიოგეოგრაფიული რეგიონების მიხედვით დაიყოფა: აფრიკა, კავკასია, აზია (ტროპიკული და მთიანი), სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და ჩრდილოეთ ამერიკა. წელს კავკასიისა და აფრიკის სივრცეების მოწყობა დასრულდება, რის შემდეგაც აზიის მშენებლობის დაწყება არის დაგეგმილი.
ზოოპარკი თბილისში 1927 წელს დაარსდა. მის ასაშენებლად მდინარე ვერეს ხეობაში 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია გამოიყო. ზოოპარკში ფუნქციონირებს აკვარიუმი და ტერარიუმი.
ქალაქი თანდათანობით ფართოვდებოდა და ახლა საავტომობილო ესტაკადით გარშემორტყმული ზოოპარკი ქალაქის ცენტრში აღმოჩნდა. ზოოპარკის გადატანის საბოლოო გადაწყვეტილება 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0