სააკაშვილის შეწყალება №1 თემა საქართველოში: მმართველი პარტია პრეზიდენტზე ზეწოლაზე საუბრობს

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2024
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის შეწყალებისთვის ნიადაგს ამზადებს, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მან ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
სააკაშვილი საქართველოში ექვსწლიან სასჯელს იხდის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე. ექს-პრეზიდენტის შეწყალების საკითხს აყენებს მის მიერ დაარსებული უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის აქტიური განხილვის თემა ევროპარლამენტში, რომელმაც ამ თემაზე რეზოლუციაც კი მიიღო.
„სალომე ზურაბიშვილი თავის პოზიციას „ნაცმოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც „ნაცმოძრაობის" განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელსაც ამზადებენ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წარმომადგენლები" კი ექს-პრეზიდენტის შეწყალების მოწოდებებში „გლობალური ომის პარტიის" ქმედებებს ხედავენ.
მმართველი პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას".
„თუ „გლობალური ომის პარტია", პრაქტიკულად, უგულებელყოფს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააკაშვილის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ფეხქვეშ გათელავს კანონის უზენაესობას, შეურაცხყოფას მიაყენებს ქართულ სახელმწიფოს და სულში ჩააფურთხებს იმ ათასობით ადამიანს, რომელიც განადგურდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავთვლით, რომ უცხოურმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნა ქართულ სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში, ჩვენ - „ხალხის ძალა" ვიქნებით პირველ ხაზზე და აუცილებლად წინ აღვუდგებით იმას, რომ მოხდეს უცხოური ძალების მხრიდან მანიპულაციები", - განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
გარდა ამისა, საზოგადოებრივმა მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღინიშნა, რომ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, ისინი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოვლენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ასეთ გამოძიებას არარელევანტური უკვე უწოდა.
ამასთან, ზეწოლის შესახებ ადრე თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც განაცხადა და დასძინა, რომ არავის აქვს უფლება მას უკარნახოს მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს თუ არა.
საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება შესაძლებელია იმ საქმეებზე, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია განაჩენი სააკაშვილისთვის სამ საქმეზე - სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაზე და საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0