კვირის ბოლოდან 18-მეტრიანი ავტობუსები კიდევ ერთ მარშრუტზე იმოძრავებენ

© Courtesy of Tbilisi City Hall 18-მეტრიანი ავტობუსი
18-მეტრიანი ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2024
გამოწერა
ახალი ავტობუსები N302-ის, N308-ისა და N314-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან.
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. 16 მარტიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსებით N301 მარშრუტის მგზავრებიც ისარგებლებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავრობის სხდომაზე.
2024 წლიდან თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებისთვის: სალონში არის სპეციალური სივრცე ეტლებისთვის და გადმოსაშლელი პანდუსი.
პირველ ეტაპზე ახალი ავტობუსებით 12-მეტრიანი ავტობუსები იმ ოთხ მარშრუტზე ჩანაცვლდა, სადაც მგზავრთნაკადის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია - ყოველდღიურად 55 ათასამდე მგზავრობა ფიქსირდება.
ახალი ავტობუსები N302-ის, N308-ისა და N314-ის მგზავრებს უკვე ემსახურებიან. რაც შეეხება N301 ავტობუსს - იგი მგზავრებს მოემსახურება ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან („თბილავიამშენის“ მიმდებარედ) რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირების გავლით ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩამდე მონაკვეთზე.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა დამატებით 40 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.
„ველოდებით კიდევ 110 ერთეულ ავტობუსს, რომელიც დატვირთულ ხაზებზე გადანაწილდება. ჯამში, 160 ერთეული ავტობუსი გვყავს შეძენილი. ასევე, დაწყებული გვაქვს დამატებით 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა. პარალელურად, მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა- მოწესრიგება, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა დედაქალაქში გადაადგილება დაუბრკოლებლად შეძლონ“,- განაცხადა თბილისის მერმა.
18-მეტრიან ავტობუსებში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის ინტეგრირებული სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები ასევე აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო, შიდა და გარე ვიდეომონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. განთავსებულია მობილურის დასატენი წერტილები და WIFI მოწყობილობაც.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0