სამწუხაროა! პრემიერმა არახამიას განცხადებას უპასუხა

© photo: Sputnik / Alexander Kryajevდავით არახამია
დავით არახამია - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2024
გამოწერა
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადება სამწუხარო, გულდასაწყვეტი და გაუგებარია, რაც აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
არახამიამ, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკით გამოირჩევა, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის პირობები დაასახელა - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უკრაინაში დაბრუნება, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა და ანტირუსული სანქციების თავიდან არიდების ნაწილში დახმარების შეწყვეტა. არახამიამ ასე უპასუხა საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ურთიერთობების დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადმოსცეს დამნაშავეები, რომლებსაც დღეს უკრაინაში მაღალი თანამდებობეი უკავიათ.
„არახამიას განცხადებამ დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი ავლენს. ეს ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ქვეყნის პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც.
„ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და სხვა დოკუმენტები, ეს არის ძალიან ფართო ჰუმანიტარული დახმარება. როდესაც ასეთ ფონზე ასეთი განცხადებები კეთდება, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს", - განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, უკრაინა დღეს რთულ მდგომარეობაშია.
„აქედან გამომდინარე ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე ჩამოთვალა ის ფაქტები, რომელთაც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ჰქონდა ადგილი. მათ შორის კობახიძემ გაიხსენა ქვეყნიდან უკრაინის ელჩის გაწვევა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად გაუგებარი უწოდა.
„როდესაც უკრაინიდან ჩვენი ელჩი, პრაქტიკულად, გამოაძევეს, საბაბი იყო ის, რომ თითქოს სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია. დღეს ეს საბაბი ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე გაიხსენა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა, მათ შორის უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე.

„შეგახსენებთ იმას, რომ დამნაშავეები დღეს უკრაინაში კვლავაც მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორის", - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ქვეყნებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობებიდან სრული აცდენა.
„შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ისტორიული მეგობრობის გაღრმავებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ამჟამად უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. მაგალითად, ლორთქიფანიძე, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია.
საქართველოს მთავრობამ 11 მარტს ორი განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოხატა ბრიუსელსა და ბერლინში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოში მსჯავრდებული ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იყო წარმოდგენილი.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გუშინ შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ გერჩინსკისთან და გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან, რომლის ფარგლებშიც დიპლომატებს ოფიციალურად გადასცეს ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიაში შეხვედრებსა და ვიზიტებში ადეიშვილის მონაწილეობის თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0