სკანდალი რელიგიურ ნიადაგზე: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მომხდარს ეხმაურება

© Sputnik / STRINGERმეჩეთი
მეჩეთი - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2024
გამოწერა
სააგენტო ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მოუწოდა მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს სოფელ ადიგენში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოიჩინონ საღი აზრი და იმოქმედონ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მრევლს შორის დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ნათქვამია განცხადებაში. .
პარასკევს დაბა ადიგენში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკევობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა. შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„სააგენტო მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მოვუწოდებთ მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის.
„სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად დარეგულირდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო ასევე მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად.
დაბა ადიგენში მეჩეთში ლოცვის ჩაშლის ფაქტს მიუღებელი უწოდა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ.
„რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ერთმანეთის, სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანების ღირებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მუსლიმთა სამმართველომ ძალოვან სტრუქტურებს მიმართა ოპერატიულად გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები.
საქართველოს საპატრიარქოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ყველა ახალი ამბავი
0