ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა საქართველოში: ოპოზიციის დუმილმა მმართველ პარტიას იმედი გაუცრუა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2024
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ საზოგადოების განწყობა მათ პოზიციას არ დაემთხვევა, ამტკიცებენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იმედგაცრუებულია ოპოზიციის დუმილით ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ეხება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“, თუმცა კონსტიტუციის შესაბამისი იქნება.
ინიციატივის განხილვაში მონაწილეობაზე უარი უკვე განაცხადეს პარტიებმა „მოქალაქეები“ და „ლელო საქართველოსთვის“. როგორც „გირჩში" განაცხადეს, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებია გადასაჭრელი.
„როგორც ჩანს ისინი არ აპირებენ ამ დისკუსიაში ჩართვას. ის საკითხები, რომლებიც აქტუალურად მიიჩნევა საზოგადოების მხრიდან, ცდილობენ ზურგი შეაქციონ. ცდილობენ, ამ საკითხებზე დისკუსიაში შესვლა რაღაცნაირად აირიდონ იმიტომ, რომ შეიძლება ჰქონდეთ იმის შიში, რომ ქართული საზოგადოების განწყობები შეიძლება არ ემთხვეოდეს იმ ხალხის განწყობებს, რომელთანაც ოპოზიცია საკუთარ თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს“, - აღნიშნა მმართველი პარტიის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
ოპოზიციურ „ნაცმოძრაობაში“ ასევე განაცხადეს, რომ ამ თემის განხილვას აზრი არ აქვს.
საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდაა გაწერილი ადამიანის უფლებები და ამ საკითხის განხილვას აზრი არ აქვს, - განაცხადა პარტიის დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა.
იმავდროულად, არაერთმა დეპუტატმა საკითხის განხილვაზე უარი თქმა მიიჩნია ოპოზიციის მხრიდან ლგბტ პროპაგანდის საკითხზე ჩუმ მხარდაჭერად.
პაპუაშვილი: ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თემაზე ოპოზიციის დუმილი საეჭვოა >>>
„ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია დუმს, რაც პირდაპირ მანიშნებელია იმის, რომ ისინი ეთანხმებიან და ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას, რომელიც სრულებით თავდაყირა აყენებს ეროვნულ ღირებულებებს, ტრადიციებს ქალისა და კაცის როლებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მმართველი პარტიის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ერთადერთი, ვინც ამ თემაზე კომენტარი გააკეთა, არის არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებებს იცავს. მან დაადასტურა არასამთავრობო ორგანიზაციის თითოეული წევრის მზადყოფნა, ჩაერთოს მათი თავისუფლებისა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.
„გამოდის, რომ ყველაზე თამამი ისევ პრაიდი აღმოჩნდა, რომელმაც გაავლო მიჯნა და თქვა, რომ ეს არის კარგი. პრაიდის გარდა რომ ვერავინ გაბედა იმის აღიარება, რომ ისინი რეალურად ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგანან, ეს არის ქართველი ხალხის შიშით გამოწვეული“, - აღნიშნა მმართველი პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
დღეისათვის უცნობია, რას უწოდებს მმართველი პარტია ლგბტ-პროპაგანდას და რა ფორმით იმოქმედებს აკრძალვა.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0