აზარტული თამაშები და მოზარდები - ახალი კვლევის შემაშფოთებელი შედეგები

კაზინო - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2024
გამოწერა
კვლევის თანახმად, მოზარდების 80%-თან აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე არავის უსაუბრია.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში მოზარდების მესამედი აზარტულ თამაშებშია ჩართული, ხოლო აზარტული თამაშების ანგარიში საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აქვს, ნათქვამია მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე ჩატარებულ კვლევაში.
„საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი ანგარიში, რომელთა მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს“, - ნათქვამია კვლევაში.
მკვლევარების თქმით, ასეთი რაოდენობა საქართველოში აზარტული თამაშების პოპულარობაზე მეტყველებს.
საანგარიშო შედეგები მოზარდების აზარტულ თამაშებში მასშტაბური ჩართულობის პრობლემასაც მოიცავს. ამის მიზეზია მოდა და სიღარიბე, რომლის ფონზე სწრაფი გამდიდრების შეთავაზება დამატებით მიმზიდველობას იძენს, ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%.
„კვლევით მოზარდების მიერ აზარტული თამაშების თამაშის ძირითადი მიზეზები დადგინდა. 51% აცხადებს, რომ აზარტული თამაშები პირველად მეგობრების წრეში ითამაშეს, რაც იმას ადასტურებს, რომ მოზარდებისთვის თამაში საკმაოდ პოპულარული და ტრენდული ქმედებაა. ამასთანავე, მოზარდების 51%-ის განცხადებით, თავისუფალი დროის გასაყვანად თამაშობენ“, - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, მოზარდების 80%-თან აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე არავის უსაუბრია. შესაბამისად, თამაშის მთავარ მიზეზებად შეიძლება ინფორმაციის არქონა და საზოგადოებრივი განათლების პრობლემა დასახელდეს.
კვლევის თანახმად, მოზარდების 40%-ისთვის აზარტული თამაშების თამაშის მოტივაცია ფულის მოგებაა. ამასთანავე, მოზარდების 38%-ს მათთვის მნიშვნელოვანი თანხა აქვს მოგებული.
ახალი შეზღუდვები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან ონლაინ კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ის პირები, რომლებზეც აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება.
რამდენი მილიონი ლარი შევიდა სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ? >>
ასეთი პირების როგორც აზარტულ ონლაინ თამაშებზე, ისევე როგორც ცოცხალ თამაშებზე დაშვებისთვის ჯარიმა 10 ათასი ლარი იქნება. განმეორებითი დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 2024 წლის 1 ივლისიდან ონლაინ აზარტული თამაშების ორგანიზება/მოწყობისთვის ინტერნეტ-კაფეებიც დაჯარიმდებიან. მსგავსი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 15 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედება - 30 ათას ლარიან ჯარიმას.
2021 წლის ნოემბერში საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შეადგინეს იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
2024 წელს საქართველოში აზარტული თამაშების მოწყობის წესები მკაცრდება>>
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირი ლუდომანების ოფიციალურ რეესტრში (პირები, ვისაც ეკრძალება თამაში) ორი გზით შეიძლება მოხვდეს. პირველ შემთხვევაში ადამიანს თავად შეაქვს განაცხადი შემოსავლების სამსახურში და ის რეესტრში რეგისტრირდება, მეორე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს უკვე ლუდომანის ოჯახი და სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ის რეესტრში მოხვდება.
25 წლის და ნაკლები ასაკის სოციალურად დაუცველი პირები და საჯარო მოხელეები სიაში ავტომატურად ხვდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0