საქართველოს პრეზიდენტი კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა - რა მოხდა ამჯერად?

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
გამოწერა
საქართველოს მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" თანამშრომლობს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კვლავ გააკრიტიკა მისი ოპოზიციური შეხედულებების გამო, ოპოზიცია კი მას საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ უკვე თავის რიგებში ელოდება.
ზურაბიშვილმა ამ კვირაში ქართველ ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ აუცილებელია ქართველი ხალხის მონაწილეობა არჩევნებში და ასევე, არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა.

„ერთადერთი, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს ეს გახლავთ რადიკალური ოპოზიცია და ეს არის არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს.

მმართველი პარტია ისეთ მცირე პარტიებს, როგორებიცაა „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოსთვის“, „აღმაშენებლის სტრატეგიას“ და „დროას“ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველი ხალხის ინტერესებში შედის, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში, რათა არჩევნების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ იყოს პარალიზებული.
„დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს ორი მიზეზის გამო: ერთი, უკვე აქედანვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ, ისევე, როგორც არ აღიარეს 2012-2016-2020 წლების არჩევნები, ეს არჩევნები მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს. აქაც დარწმუნებული ვართ და ამის ყველანაირ ნიშანს ვხედავთ, ისინი ამას არ აღიარებენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მყარ უმრავლესობას დიდ მნიშვნელობა აქვს, რათა არავის არანაირი ეჭვები არ ჰქონდეს პარლამენტთან დაკავშირებით.
„მეორე - საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ინტერესშია იმიტომ, რომ ეს იქნება ყველას მიმართ მყარი გზავნილი ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, ეკონომიკურ კატასტროფაში და უკან დახიოს დეკადებით, რაც გვექნებოდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ჯერჯერობით ღიად არ საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ მისწრაფებებზე და აცხადებს, რომ თანამდებობაზე ვადის ბოლომდე აპირებს დარჩენას.
„თუ ვიქნები პოლიტიკისთვის საჭირო, ვიქნები და თუ არა, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი რამ ნათელია, რომ მე ჩემი მანდატის ბოლომდე მივალ. ვთვლი, რომ ახლა პრეზიდენტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროევროპული ძალების კონსოლიდაცია მოხდეს და მე ამას ხელს შევუწყობ, რა ფორმითაც შევძლებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საკუთარ თავს კოალიციურ მთავრობაში ვერ ხედავს.
ოპოზიციაში კი ზურაბიშვილს არჩევნების შემდეგ კოალიციაში მოიაზრებენ.
„თუ გადაწყვეტს რომ პოლიტიკაში შემოვიდეს და დარჩეს თუნდაც როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება”, - განაცხადა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
ყველა ახალი ამბავი
0