ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი: ისტორია და ტრადიციები

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიტიტები
ტიტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2024
გამოწერა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღეს ქალბატონებს ულოცავენ და ცდილობენ მათ ბედნიერება მიანიჭონ.
თავიდან მას წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო. მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს ჩვენ გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულს აღვნიშნავთ.
ისტორია
არსებობს ვერსია, რომ 8 მარტის აღნიშვნის ტრადიცია „ცარიელი ქვაბების მარშს“ უკავშირდება, რომელიც 1857 წელს ნიუ-იორკში სამკერვალო ფაბრიკების მუშა ქალებმა გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნები სამუშაო დღის შემცირება, შრომის ანაზღაურების პირობების გათანაბრება მამაკაცებისთვის არსებულ პირობებთან და საარჩევნო უფლების მიღება იყო.
თუმცა, სხვა ვერსიით, დღესასწაულის წარმოშობა გერმანელი კომუნისტის კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება. 1910 წელს კოპენჰაგენში გამართულ ქალთა ფორუმზე კლარა ცეტკინმა მსოფლიოს მოუწოდა 8 მარტის საერთაშორისო ქალთა დღედ დაწესების შესახებ. ამ დღეს ქალებს უნდა გაემართათ მიტინგები, მსვლელობები და ამ ფორმით უნდა ეცადათ საკუთარ პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
1911 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღეს რიგ ქვეყნებში ქალები ატარებდნენ მიტინგებს, რომელიც გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული.
რამდენიმე წლის განმავლობაში ქალთა დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ. 1911 წლის 19 მარტს ის გაიმართა გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. 1912 წელს ქალები საკუთარი უფლებებისთვის ევროპის მასშტაბით 12 მაისს, 1914 წელს კი 8 მარტს იბრძოდნენ.
ხმის უფლება ქალებმა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთში 1918 წელს, აშშ-ში კი 1920 წელს მიიღეს.
1945 წელს სან-ფრანცისკოში ხელი მოეწერა გაეროს წესდებას, რომელიც, სხვა დანარჩენთან ერთად, იქცა პირველ საერთაშორისო შეთანხმებად, რომლითაც გამოცხადდა მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.
1975 წელი გაერომ ქალთა საერთაშორისო წლად, ხოლო 8 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დღესასწაულად.
„მსოფლიოში შრომის ბაზარზე ვითარება იცვლება და ეს სიტუაცია მნიშვნელოვან კვალს ტოვებს ქალებისთვის. ერთი მხრივ, გლობალიზაციის პროცესი და ტექნოლოგიების სფეროში რევოლუციური ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე მხრივ კი ჩვენ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ქვეყნების ფინანსური და სავაჭრო პოლიტიკის ცვლილება, არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, არასტაბილური გამომუშავება, ხვალინდელი დღის შიში. ყველა ეს საკითხი აუცილებელია ქალთა ეკონომიკური პოტენციალის განმტკიცების ძალისხმევის კონტექსტში გავითვალისწინოთ“, — ნათქვამია გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
1965 წლიდან, საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა.
საქართველოში დღესასწაული, სადაც ეს დღე სხვა საბჭოთა ქვეყნების მსგავსად აღინიშნებოდა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა.
თუმცა 2002 წლის მარტში, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, პარლამენტის გადაწყვეტილებით ქალთა საერთაშორისო დღემ 8 მარტმა დღესასწაულის სტატუსი კვლავ მოიპოვა.
ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ნინო ბურჯანაძე გახდა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად აღნიშნავენ.
ეს არის დღე, როდესაც ყველა ქალი ამაღლებულ განწყობაზეა, როდესაც ქალს ყვავილებს და საჩუქრებს უძღვნიან. ყვავილებიდან კი 8 მარტს არჩევანს მიმოზებზე, ტიტებზე, ნარცისებზე, ვარდებსა და ენძელებზე აჩერებენ. თუმცა, მათგან მხოლოდ მიმოზა იქცა დღესასწაულის არაოფიციალურ სიმბოლოდ.
ამ დღეს ქალებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, მათ შორის, გამოფენები, კონცერტები, ფლეშმობები და ა.შ.
როგორც წესი, 8 მარტს ზეიმობენ ოჯახურ გარემოში, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად. მამაკაცები ამ დღეს ულოცავენ დედას, მეუღლეს, დას, ქალიშვილს… და შეძლებისდაგვარად ოჯახური საქმეებისგან მათ გათავისუფლებას ცდილობენ.
დღესასწაული მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა. გაუფრთხილდით ქალბატონებს, მიულოცეთ დღესასწაული, მიუძღვენით ყვავილები და საჩუქრები, გაანებივრეთ ისინი და არა მარტო 8 მარტს, არამედ ყველა დღეს!
ყველა ახალი ამბავი
0