მდინარაძე: საქართველოში უცხოელები გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
მდინარაძის თქმით, ეს პრინციპული და პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხია.
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. უცხოელები საქართველოში საკვანძო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ამიტომ მოსამართლეების ვერანაირ „ვეტინგზე“ საუბარი ვერ იქნება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
სასამართლო რეფორმის განხილვისას ოპოზიციამ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის საკითხი წამოაყენა, რომელიც ითვალისწინებდა მოსამართლეთა მონაცემების შემოწმებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორი-ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მიერ.
„ვეტინგი“ ჩვენთვის მიუღებელი, დაუშვებელია იმიტომ, რომ უცხოელები საქართველოში ვერც ერთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ“, - განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ეს პრინციპული და პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხია.
„საქართველოში გადაწყვეტილებებს მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, ყველა თავისი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა მდინარაძემ.
სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიციამ არაერთხელ დაადანაშაულა ხელისუფლება სასამართლოების „კლანურ მმართველობაში“ - მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის დახურული სისტემა „კლანებს“ მათთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნის საშულებას აძლევს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა სრულიად დამოუკიდებელია.
იმავდროულად, ქართული სასამართლო სისტემა ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხრიდან, ძირითადად მოსამართლეების დანიშვნის სისტემისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, როგორც ამ საკითხების გადამწყვეტი ორგანოს მუშაობის გამო. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას მართლმსაჯულების სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებისკენ. თავისუფალი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფა დასავლელი პარტნიორების ერთ-ერთი მთავარი მოწოდებაა.
პარლამენტის თავმჯდომარე: ოპოზიციამ ეროვნული ღირსება დაკარგა>>
ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღა გატარდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ფასადური ცვლილებებია და ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს. ხელისუფლებას არ სურს ოპოზიციური პარტიების მოთხოვნების გათვალისწინება და აცხადებს, რომ მათ ოპონენტებს სურთ არა თავისუფალი სასამართლო სისტემა, არამედ მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სტრუქტურა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რამდენიმე მოსამართლისგან შექმნილი პროსახელისუფლებო კლანი მართავს.
მოსამართლეები, რომლებსაც ოპოზიცია კლანის წევრებს უწოდებს, 2022 წლის გაზაფხულზე
აშშ-ის სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ბრალდებების მტკიცებულებები საქართველოსთვის არ წარუდგენია.
ყველა ახალი ამბავი
0