წვიმის მიუხედავად - ლეგენდების მატჩი ბათუმში სტუმრების გამარჯვებით დასრულდა

© photo: Sputnik / ბათუმის ახალი სტადიონი
ბათუმის ახალი სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2024
გამოწერა
Legend Series მომდევნო მატჩი თბილისში გაიმართება, ახლა რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ბათუმში, Adjarabet Arena-ს სტადიონზე მილანის „ინტერისა“ და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ დუბლი შეასრულა.
ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. 22-ე წუთზე ფიგუმ გაიტანა. მთელი ტაიმის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს ძირითადად მეტოქის შეტევების მოგერიება უწევდა.
მეორე ტაიმში მწვრთნელებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს და ერთადერთი გოლის ავტორმა მოედანი დატოვა. მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ფიგუ საბოლოოდ თამაშში დააბრუნეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მან მეორე გოლი გაიტანა – 2:0.
მეორე ტაიმის მიწურულს ქართველებს შეეძლოთ სხვაობის შემცირება. გოლი დავით სირაძემ გაიტანა, რომელიც მსაჯმა ოფსაიტის გამო არ ჩათვალა.
ფეხბურთელებს ამინდში არ გაუმართლათ. ბათუმში მთელი მატჩის განმავლობაში წვიმა არ შეწყვეტილა. მაგრამ ამან არ იმოქმედა ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების განწყობაზე - სტადიონის ტრიბუნები თითქმის ბოლომდე იყო გავსებული.
„ინტერის" ვარსკვლავური გუნდის შემადგენლობაში ბათუმში ლუიშ ფიგუსთან ერთად ჩამოვიდნენ ესტებან კამბიასო, ხუან ვერონი, უესლი სნეიდერი, გეორგიუს კარაგუნისი, ბორხა ვალერო, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ლუსიო, მაიკონი, ივან კორდობა, ფრანჩესკო კოლონეზე, ანდრეა რანოკია, დიეგო მილიტო, როდრიგო პალასიო, გორან პანდევი და დავიდ სუაზო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, მალხაზ ასათიანი, კახა ცხადაძე, გეორგი ნავალოვსკი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, ჯანო ანანიძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე და დავით სირაძე.
ასევე ლევან ყენია, გოჩა ჯამარაული, სანდრო კობახიძე, გოგა გახოკიძე, ლევან ცქიტიშვილი, ლევან მჭედლიძე, ნუკრი რევიშვილი და გიორგი ლომაია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, Legend Series მომდევნო მატჩი თბილისში გაიმართება. ახლა რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამა წლის ზაფხულისთვის გაირკვევა, მსოფლიო ფეხბურთის რომელი ვარსკვლავები ჩამოვლენ საქართველოში.
The Legend Series – დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient და Europebet-ის თანამშრომლობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0