საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი

© courtesy of Heritage of Georgiaატენის სიონი
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ევსტათის და ამასტრიდელი ეპისკოპოსის გიორგი ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ევსტათი, ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეა.
ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსი ევსტათი III საუკუნის II ნახევარში დაიბადა. იგი ქალაქ ბერიის ეპისკოპოსი იყო, ხალხის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა და მათივე შუამდგომლობით იქნა არჩეული ანტიოქიის კათედრაზე პირველი მსოფლიო მამების მიერ.
დიდად განათლებული ღვთისმეტყველი წმიდა ევსტათი საერო მეცნიერებებსაც კარგად ფლობდა. როცა აღმოსავლეთში გავრცელდა არიოზის ერესი, რომელიც არ სცნობდა ძის თანაარსობას მამა ღმერთთან, სიბრძნით გაბრწყინებული მამა გაბედულად აღსდგა მართლმადიდებლობის დასაცავად. 325 წელს მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა (306-337) პირველი მსოფლიო კრება მოიწვია. კრების პირველი თავმჯდომარე წმიდა ევსტათი იყო. ნიკეაში შემოკრებილმა მამებმა დაგმეს არიოზის ერესი და მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლო ჩამოაყალიბეს, უსჯულო არიოზსა და მის მიმდევრებს ხარისხები აჰყარეს და ეკლესიიდან განკვეთეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ზოგმა არიანელმა ეპისკოპოსმა მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი ნიკეის სარწმუნოების სიმბოლოს, რომ ხარისხი შეენარჩუნებინა. შემდგომში მათ ბინძურ ინტრიგებს მიმართეს წმიდა ევსტათის წინააღმდეგ. ცხვრის ტყავში გახვეულმა მგლებმა მღვდელმთავარი ანტიოქიის ადგილობრივი კრების მოწვევაზე დაითანხმეს, შემდეგ კი ერთი მეძავი მოისყიდეს და შეაგონეს, კრებაზე ჩვილი ბავშვით გამოცხადებულიყო და ყრმის მამად წმიდა ევსტათი დაესახელებინა. მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავრისადმი წაყენებული ბრალდება ორმა მოწამემ უნდა დაადასტუროს. არიანელებმა უგულებელყვეს ეს კანონი და წმიდა მამა გასამართლების გარეშე გადაასახლეს თრაკიაში.
მწყემსმთავრის სიმართლე მალე გაცხადდა: ცილისწამების შემდეგ მძიმედ დაავადებულმა ქალმა მოუწოდა მღვდელმსახურებს და მრავალი ადამიანის თანდასწრებით აღიარა თავისი შეცდომა. ამ დროისთვის წმიდა კონსტანტინე დიდი გარდაიცვალა და ტახტზე მისი შვილი, ერეტიკოსთა თანამგრძნობი და მფარველი კონსტანცი (337-361) ავიდა. წმიდა ევსტათის არ ეღირსა სამწყსოსთან დაბრუნება. ღირსმა მამამ გადასახლებაში შეჰვედრა სული უფალს 337 წელს. დევნულობაში მყოფი წმიდანი აღსრულებამდე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლობას. 482 წელს ღირსი ევსტათის უხრწნელი ნაწილები პატივით გადმოასვენეს ანტიოქიაში.
ხევსურეთი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი
გიორგი, ამასტრიდელი ეპისკოპოსი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 მარტი გიორგი ამასტრიდელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა.
ამასტრიდელი ეპისკოპოსი გიორგი, შავი ზღვის სანაპიროზე, პაფლაგონიის ქალაქ კრომნაში დაიბადა. მის მშობლებს, კეთილმსახურ ქრისტიანებს არ ეძლეოდათ შვილი და მხურვალე ლოცვებით შესთხოვდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. ბოლოს მათი ვედრება შესმენილ იქნა: უკვე ხანშიშესულებს ზეციურმა ხმამ აუწყა, რომ შეეძინებოდათ ვაჟი, რომელიც მღვდელმთავარი გახდებოდა, ზეგარდამო მიენიშნათ მათ მემკვიდრის სახელიც - გიორგი.
მოსიყვარულე მშობლებმა გიორგის შესანიშნავი საერო და სასულიერო განათლება მისცეს. როცა ჭაბუკმა სრულწლოვანებას მიაღწია, დატოვა სამშობლო, სირიის მთებს მიაშურა და ერთი განდეგილი ბერის ხელმძღვანელობით მკაცრი მოღვაწეობა დაიწყო. მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გიორგი ვონისის სავანეში დაემკვიდრა და კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი ღვაწლი. ღვთის ნებით, წმიდანის კეთილმსახური ცხოვრება გაცხადდა და ქალაქ ამასტრიდის ეპისკოპოსის მიცვალების შემდეგ სამღვდელოებისა და მრევლის სურვილით მღვდელმთავრად იქნა ხელდასმული.
ღირსი გიორგი დაუღალავად მოძღვრავდა სამწყსოს, ტაძრებს კეთილმოაწყობდა, ქვრივებსა და ობლებზე ზრუნავდა, გლახაკებს აპურებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს იძლეოდა.
უფალმა სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მან ლოცვის ძალით განდევნა ამასტრიდიდან სარკინოზები, რომლებიც აოხრებდნენ მის შემოგარენს, სიკვდილისაგან იხსნა ტრაპიზონში უსამართლოდ მსჯავრდადებული ვაჭრები. წმიდა გიორგი მშვიდობით მიიცვალა, სულიერი შვილებით გარემოცული. ეს მოხდა იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) ზეობისას, 3 მარტს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0