Foodex Japan 2024: გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ

© courtesy of National Wine Agency of Georgiaქართული ღვინოები გამოფენაზე
ქართული ღვინოები გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2024
გამოწერა
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 6 მარტი— Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan 2024-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan იაპონიაში 1976 წლიდან ტარდება და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. ქართული კომპანიები გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობენ.
„Foodex Japan 2024-ში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ.
იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan.
უწყების ცნობით, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.
გამოფენაში Foodex Japan ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0