საქართველო ტურისტებისგან უფრო მეტ შემოსავალს ელოდება - პრემიერის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerკაფე
კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში.
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მლნ მგზავრს მოემსახურება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიშის, ასევე 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავალი ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილრდ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
„გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს. ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკურთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. იგი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც.
„ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა. 28 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, სამჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2023 წელს სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც.
„კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად, მ1,5 მლნ მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ქვეყნის ტურისტული და ლოჯისტიკური პოტენციალის გასაუმჯობესებლად რიგი მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი. პირველ ყოვლისა, დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონთაშორისი გადაზიდვების ხელშეწყობა. ამის მისაღწევად მთავრობა გააგრძელებს შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობა-განვითარებას.
საქართველომ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვის გამო 1,5 მილიონი ტურისტი დაკარგა>>>
კერძოდ, წელს იგეგმება თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა, წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავება და წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
„ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა კობახიძემ.
მნიშვნელოვანი ღონისძიებები
კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას დააანონსა მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, 6-7 აპრილს გუდაურში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.
მან ასევე ისაუბრა ტურისტული სექტორისთვის მნიშვნელოვან მოვლენაზე - ტურიზმის მსოფლიო დღეზე, რომელიც საქართველოში 2024 წელს გაიმართება.
„2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა გუნდს ამისათვის. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში", - განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს MND 2024-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. კობახიძის თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. კობახიძის თქმით, ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0