„რას იტყვის ბატონი“ - დეპუტატი ოპოზიციას აზროვნებას უწუნებს

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
გამოწერა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქართული ოპოზიციის აზროვნება არ სცდება იმაზე ფიქრს, თუ რას იტყვის ბატონი ან უცხოური ძალა, რისი დემონსტრირებაც კიდევ ერთხელ მოხდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის დროს, განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ურთიერთობების განვითარება მთავარ პარტნიორებთან - აშშ-სთან, ევროკავშირთან და არა ჩინეთთან.
„ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა. ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთ - ერთი ბატონი ჰყავთ უკვე?", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ მსგავსი დამოკიდებულება გამოხატა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის ინიციატივაზე. ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი გააჩნია და ამიტომაც ღიად ვერ იტყვის, რომ ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის ინიციატივას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
„იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტპროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ-პროპაგანდა კი არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ისინი აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერენ, თუ არა, გამოდის, რომ ისინი არიან ლგბტ-პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები.
ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვა: ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია ინიციატივის განხილვაში?>>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე ინიციატივას ამზადებს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. მისივე თქმით, კანონპროექტი უახლოეს ორ კვირაში მომზადდება.
მზარდი ლიბერალური მოძრაობების ფონზე გენდერის გაუფასურების თემა ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება კონსერვატიულ შეხედულებებს ემხრობა. ისინი სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების მნიშვნელობაზე და ლგბტ პროპაგანდის დაუშვებლობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0