პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილის მომავლის თაობაზე „ლელოს" ლიდერის განცხადებას დასცინა

© party "Georgian Dream"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა ოპოზიციონერის განცხადება გააკრიტიკა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თავად არ იცის სად წავიდეს, ამიტომაც საკუთარი თავის კონტროლი სჭირდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სულ რაღაც 34 კვირაში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „სახლში მოსკოვში“ წავა.
„ხაზარაძემ ვინ და სად უნდა გააგზავნოს? მან თავად არ იცის სად წავიდეს, მით უმეტეს, რომ მანქანა დაეწვა, რითაც საქართველოს შემოვლას გეგმავდა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ხაზარაძემ პირველი მილიონი რუსეთში გამოიმუშავა და დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ შთაბეჭდილებების ქვეშაა.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ელემენტად ხაზარაძემ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა გახადა. მან ივანიშვილი რუსეთის მსახურებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „მისი ადგილი კრემლშია". ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, განაცხადა ხაზარაძემ.
პარტია „ლელო"
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
ყველა ახალი ამბავი
0