კალაძე: უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა, რომ ტაქსის მძღოლებს აეღოთ ლიცენზიები

ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2024
გამოწერა
ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს აქვს.
თბილისი, 4 მარტი - Sputnik. ტაქსის მძღოლებს შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ B კატეგორიის ტაქსის მძღოლების მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით.
დღეს ტაქსის მძღოლებმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს. ისინი A კატეგორიის ტაქსების მსგავსად, საავტობუსე ზოლში მოძრაობის უფლების მინიჭებას ითხოვდნენ.
„რეგულაციები უკვე დაწესებულია. უამრავი დრო და შესაძლებლობა არსებობდა იმისთვის, რომ მძღოლებს აეღოთ ტაქსის ის ლიცენზია, რომელიც მათთვის და, ზოგადად, ბიზნესისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით არაერთი განმარტება გავაკეთეთ“, - განაცხადა მერმა.
ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა). ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობუსებს და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მომენტში, თუ ამ დროს ხელს არ უშლიან ამავე ზოლში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
თბილისის ტაქსის რეფორმა: 1-ელ აპრილამდე გაუაქტიურებელი ნებართვა ავტომატურად გაუქმდება>>>
ტაქსის ავტოპარკის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში 2023 წლის 1-ელი აპრილიდან А კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს ე.წ. ბასლაინზე მგზავრთა აყვანა-ჩამოსმის უფლება მიეცათ, თუმცა მათ ეკრძალებოდათ ავტობუსის ზოლში გადაადგილება.
გასული წლის 1 ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის იმ მანქანებს, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, მიეცათ საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის მათ უნდა გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ისე მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ. იმ ტაქსების რაოდენობა კი, რომლებიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თბილისში 3,5 ათასია.
ტაქსის რეფორმა
ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპი ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაიწყო – 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – გასული წლის 1 აპრილიდან ყველა იმ ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვა მიიღო. დასაშვები გახდა ამ ნებართვების გაყიდვა ან იჯარით გაცემა თბილისის მერიის მიერ შექმნილი პორტალის მეშვეობით.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0