მობილური კავშირის აბონენტებს დღეიდან შეუძლიათ უარი თქვან სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკში iPhone 5s და iPhone 5c
 iPhone 5s და  iPhone 5c - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2024
გამოწერა
აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელი წყაროებიდან იქნა მოპოვებული მისი საკონტაქტო მონაცემები
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის აგრესიული მარკეტინგული კამპანია დღეიდან, 1 მარტიდან შეიზღუდა.
2023 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნდა „საკანონმდებლო მაცნეში“ და ძალაში დღეიდან შევიდა.
ცვლილებების მიხედვით:
შეტყობინება უნდა გაიგზავნოს მხოლოდ აბონენტის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში;
აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას სარეკლამო შეტყობინების მიღებაზე - კომპანია ვალდებულია შვიდი სამუშაო დღის ვადაში დააკმაყოფილოს მოთხოვნა;
ახალი კანონით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვისაც ინფორმაცია ეგზავნება.
პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.
მომხმარებელმა შეტყობინების მიღებაზე უარის თქმა მარტივად უნდა შეძლოს.
ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიათა ნაწილი ვალდებული იქნება, ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის წესის დარღვევის შესახებ მომხმარებლებს საჩივრის შეტანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში შეუძლიათ.
დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციებიც. სანქციის ოდენობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განსაზღვრავს. 500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე კომპანიისთვის ჯარიმა იქნება 2 ათასი ლარი, ხოლო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3 ათასი ლარი. დამამძიმებელი გარემოებების დადგენის შემთხვევაში თანხა იზრდება.
ჯარიმის ზედა ზღვარი 20.000 ლარია.
გარდა ამისა, აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოითხოვოს ინფორმაცია, თუ რომელი წყაროებიდან იქნა მიღებული მისი საკონტაქტო ინფორმაცია.
განახლებული კანონი, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცვის გარანტიას იძლევა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის სამუშაოების ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.
ყველა ახალი ამბავი
0