პუტინი: საკუთარ ამოცანებსაც ჩვენივე მსოფლმხედველობით გადავჭრით

  - Sputnik საქართველო, 1920, 29.02.2024
გამოწერა
თბილისი, 29 თებერვალი − Sputnik. საკუთარ გზას მხოლოდ ჩვენ განვსაზღვრავთ და ამოცანებსაც ჩვენივე მსოფლმხედველობიდან გამომდინარე გადავჭრით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას.
„რუსეთის ნაცვლად დასავლეთს სჭირდება ჩამქრალი, მომაკვდავი სივრცე. ასეთი რამ ბევრ სხვა ქვეყანას, მათ შორის უკრაინასაც გაუკეთეს. მაგრამ დასავლეთმა არასწორად გამოთვალა, შეეჯახა რა რუსი ხალხის სიმტკიცეს“, − აღნიშნა მან.
პუტინის თქმით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის, კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლებმა პრაქტიკაში დაამტკიცეს, რომ რუსეთის ხალხის ერთობა კოლოსალური, ყოვლისმომცველი ძალაა.

სპეცოპერაცია და ახალი იარაღი

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ სპეცოპერაციის დროს უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება მიიღო. გაიზარდა მეთაურთა მთელი პლეადა, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და კომპეტენტურად ასრულებს თავის მოვალეობებს.
ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც „ახლა სამშობლოს ინტერესებისთვის იბრძვის და სიცოცხლეს ყოველდღიურად იგდებს საფრთხეში“.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობები მრავალჯერ გაიზარდა. ჯარები ყველა მიმართულებით თავდაჯერებულად მიიწევენ წინ და ტერიტორიებს ათავისუფლებენ. რუსეთს არ დაუწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ნაციზმის აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების სუვერენიტეტის დასაცავად“, − განაცხადა პუტინმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები სრულ მზადყოფნაშია „გარანტირებული გამოყენებისთვის“.
„სტრატეგიული ბირთვული ძალები გარანტირებული გამოყენებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. ის, რაც ჩვენ დავგეგმეთ იარაღის სფეროში, რაზეც მე ვისაუბრე 2018 წლის გზავნილში, ყველაფერი შესრულებულია, ან ეს სამუშაო მთავრდება", − თქვა პუტინმა.
ამასთან რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახალ იარაღზე მუშაობა გრძელდება და პირობა დადო, რომ მის შესახებ მალე ყველა გაიგებს.
„ბრძოლაში უკვე გამოყენებულია საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი კომპლექსი „ცირკონი“. ეს სისტემა უკვე მწყობრშია. კომპლექსი „სარმატი“ ასევე გადაეცა ჯარებს და ჩვენ მას მალე წარმოვადგენთ“, − განაცხადა მან.

ურთიერთობა აშშ-თან და უსაფრთხოების საკითხები

პუტინის თქმით, ვაშინგტონი ღიად მიმართავს მტრულ ქმედებებს და ცდილობს მოსკოვს „სტრატეგიული მარცხი“ მიაყენოს ბრძოლის ველზე.
„აშშ-ისა და მოკავშირეების ქმედებებმა გამოიწვია ევროპის უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟი. აუცილებელია ევრაზიის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალ კონტურზე მუშაობა. რუსეთი მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, ვინც ამით არის დაინტერესებული“, − განაცხადა მან.
ამავე დროს, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განცხადებები, თითქოს ვაშინგტონი დაინტერესებულია სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ შეთანხმებებით, დემაგოგიაა.
„დასავლეთი ასევე ცდილობს რუსეთი შეიარაღების რბოლაში ჩაითრიოს, რაც ერთხელ უკვე მოახერხა. მაგრამ მოსკოვის ამოცანა − ეს თავდაცვითი მრეწველობის ისე განვითარებაა, რომ ქვეყნის სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალიც განავითაროს. რესურსები მაქსიმალურად რაციონალურად უნდა განაწილდეს“, − მიაჩნია პუტინს.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა უნდა მიაღწიოს თავისი შეიარაღებული ძალების აღჭურვის ხარისხობრივად ახალ დონეს და დასავლეთის მიმართულებით დაჯგუფებები უნდა გააძლიეროს.
„დასავლეთმა მოახდინა კონფლიქტების პროვოცირება ბევრ ქვეყანაში და მაინც ამტკიცებს, რომ რუსეთი თავად აპირებს ევროპაზე თავდასხმას. ამავდროულად უცხო სახელმწიფოები თავად ირჩევენ გასანადგურებელ „სამიზნეებს“ და უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საუბრობენ“, − აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ინტერვენციონისტებისთვის შედეგები ძალიან ტრაგიკული იქნება,ვინაიდან რუსეთს აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე გაანადგუროს სამიზნეები.

ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სუვერენული, ძლიერი რუსეთის გარეშე შეუძლებელია მდგრადი მსოფლიო წესრიგი.
„ახლა ბევრი მონოპოლია და სტერეოტიპი იშლება. 2028 წლისთვის BRICS-ის ქვეყნები გლობალური მშპ-ის დაახლოებით 37 პროცენტს შექმნიან, ხოლო G7-ის მაჩვენებელი27.8 პროცენტამდე დაეცემა", − თქვა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, აუცილებელია მუშაობა იმისთვის, რომ ევრაზიისთვის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების ახალი კონტური უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდეს.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთი მეგობარ ქვეყნებთან ერთად ქმნის ეფექტურ ლოგისტიკურ დერეფნებს და ურთიერთქმედებას თანასწორობის საფუძველზე ავითარებს; ამიტომაცაა, რომ ახალი ქვეყნები აქტიურად უერთდებიან ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა SCO და BRICS.
ამასთან პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ თანამშრომლობა პოზიტიურად ვითარდება რუსეთსა და ASEAN-ს შორის, და რომ მოსკოვს დიდი ხნის კარგი ურთიერთობა აქვს არაბულ და აფრიკულ ქვეყნებთან.
„დიალოგი რუსეთსა და ASEAN-ს შორის დადებითად ვითარდება. ნამდვილ გარღვევად იქცა რუსეთ-აფრიკის სამიტები. აფრიკის კონტინენტი სულ უფრო ხმამაღლა აცხადებს თავის ინტერესებს, ჭეშმარიტი სუვერენიტეტის უფლებას. ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს ყველა ამ მისწრაფებას. რუსეთს აქვს დიდი ხნის კარგი ურთიერთობა არაბულ ქვეყნებთან", − განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიურად მიმართავს ფედერალურ კრებას ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0