თამბაქოს სტანდარტული შეფუთვა - „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ პარლამენტში ინიციატივით შედის

© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია"
„მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
საქართველოში „თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესახებ“ კანონი ძალაში 2017 წლის მაისში შევიდა და ის წლიდან წლამდე მკაცრდება.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი" აპირებს პარლამენტში შეიტანოს კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტულ შეფუთვაზე ინგლისურენოვანი წარწერების აკრძალვისა და გასახურებელი თამბაქოს (ე.წ. აიქოსი) წინააღმდეგ, რომელზეც თამბაქოს კანონის ნებისმიერი რეგულაცია ისევე უნდა მოქმედებდეს, როგორც თამბაქოს კლასიკური ნაწარმის და ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში.
2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება 2025 წლის 1 აპრილამდე და არა 2024 წლის 31 ივლისამდე, როგორც ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, სტანდარტიზაცია არ შეეხება ელექტრონულ სიგარეტებს და შეფუთვაზე ინგლისურენოვანი წარწერები შეფუთვაზე დარჩება. „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა" ამ გადაწყვეტილებას თამბაქოს ლობისტების გამარჯვება უწოდა.
„ჩვენი ცვლილების პროექტის თანახმად, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის კოლოფებზე ინგლისურენოვანი წარწერები და სადა შეფუთვის რეგულაცია აუცილებლად შეეხოს გასახურებელი თამბაქოს ნაწარმსაც, რომელზეც „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის ნებისმიერი რეგულაცია ისევე უნდა მოქმედებდეს, როგორც თამბაქოს კლასიკური ნაწარმის და ელექტრონული სიგარეტის შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია იმედს იტოვებს, რომ პარლამენტი ინიციატივის განხილვისას იმოქმედებს საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივიდან გამომდინარე.
ახალი სტანდარტების თანახმად, დახლებზე თამბაქოს ნაწარმი გაიყიდება შეფუთვით, რომელზეც სახელმწიფო ენაზე იქნება დატანილი ბრენდის სახელი, მწარმოებლის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ასევე მწარმოებელი ქვეყანა. ამასთან, ბრენდის დასახელება არ უნდა აღემატებოდეს „14“-იან შრიფტს, ხოლო მწარმოებლის მონაცემები – „10“-იან შრიფტს. მთელი დასახელება უნდა განთავსდეს ერთ ხაზზე და მხოლოდ ორ ადგილზე მთელ შეფუთვაზე.
ასევე კოლოფზე იქნება მითითებული სიგარეტის ღერების რაოდენობა და მახასიათებელი ქართულ ენაზე – „ფილტრით“ ან „უფილტრო“.
ასევე ყველა შეფუთვა იქნება მუყაოს ან მუქი ფერის ქაღალდის, დეკორატიული ელემენტების გარეშე, შეფუთვაში ჩასმული ფოლგა იქნება ვერცხლისფერი, ნიშნების გარეშე და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიგარეტის კონტეინერად.
თავად შეფუთვა იქნება მინიმუმ 64 მმ სიმაღლის, 40 მმ სიგანის და მინიმუმ 10 მმ სისქის. თითოეულ კოლოფში უნდა იყოს 20 ღერი სიგარეტი.
სიგარეტის ღერები იქნება სრულიად თეთრი, ყოველგვარი ნიშნების გარეშე. ამასთან, სიგარეტზე აღარ იქნება დატანილი არანაირი ლოგოტიპი – მოწევის ზიანის შესახებ გამაფრთხილებელი წარწერის გარდა.
მწეველთა რაოდენობის შემცირებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ტრანსპორტში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოსახლეობაში საშიში დაავადებების რაოდენობის შესამცირებლად 2017 წლიდან საქართველოში აქტიურად ტარდება თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკა.
ყველა ახალი ამბავი
0