საქართველოს საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვანი პლატფორმაა

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პროგრესის მიღწევას ცდილობს, ნათქვამია განცხადებაში
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, იუწყება „პირველი არხი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტზე დაყრდნობით.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, „რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ლოკაციაზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს“. რუსეთის ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
„საქართველო განაგრძობს და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიზნით ძალისხმევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ემზადება მომდევნო რაუნდისთვის“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამინისტროს განცხადების თანახმად, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც ქართული მხარე, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიზნად ისახავს, პროგრესს მიაღწიოს ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიც არის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ჰუმანიტარული საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. დღეისათვის ეს საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია.
ფრიდონ ინჯია ჟენევის მოლაპარაკებების ალტერნატივის შექმნის ინიციატივით გამოვიდა>>
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0