კალაძე სატვირთოების შეზღუდვაზე: მოვუწოდებ ბიზნეს-სექტორს, მოერგონ დადგენილ რეგლამენტს

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2024
გამოწერა
აკრძალულ ზონაში შეზღუდვის საათებში დიდგაბარიტიანი სატვირთოების გადაადგილება იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. დედაქალაქში პიკის საათში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა ვრცელდება კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებზე და არა მთელი ქალაქის მასშტაბით, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევნადელ სხდომაზე.
2023 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებს სამი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებები, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, ითვალისწინებს სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვას.
კერძოდ, თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.
როგორც მერმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დიდგაბარიტიანი ავტომანქანების შეზღუდვაზე ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება, ბიზნეს-სექტორის ცალკეული სუბიექტები ამ რეგულაციას მოუმზადებელი შეხვდნენ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბიზნეს-სექტორს, რომ გადაეწყონ და მოერგონ დადგენილ რეგლამენტს, რათა არ მოგვიწიოს მათი დაჯარიმება. ჩვენი მიზანია არა ვინმეს დაჯარიმება, არამედ პიკის საათებში ინციდენტების რაოდენობის შემცირება და იმგვარი სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან არიდება, რომელიც გასულ წელს და წინა წლებში რამდენჯერმე დაფიქსირდა“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, პიკის საათებში თბილისის ცენტრალურ ნაწილში დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რადგან ის გაზრდის პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარობას, ასევე შეამცირებს იმ ინციდენტების რაოდენობას, რომელიც აფერხებს მოძრაობას.
რა სახის ტრანსპორტზე ვრცელდება ახალი წესები
08:00-11:00 საათამდე და17:00-20:00 საათამდე პერიოდში შეზღუდვა მოქმედებს M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის.
კატეგორია N2 არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მისი ტექნიკურად დასაშვები წონა 3,5 ტონაზე მეტია, მაგრამ არაუმეტეს 12 ტონისა. კატეგორია N3-ის შემთხვევაში გადასაზიდი ტვირთის წონა 12 ტონას აღემატება.
კატეგორია М3 სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და, მძღოლის ადგილის გარდა, აქვს რვაზე მეტი დასაჯდომი ადგილი, ხოლო მისი წონა 5 ტონას აღემატება.
შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, („სასწრაფო დახმარების", სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე.
გამონაკლისი ასევე დაიშვება ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტსა და სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ლ სექტემბრამდე.
ყველა ახალი ამბავი
0