როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თირკმელები დაგიზიანდათ: მთავარი სიმპტომები

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
თბილისი, 27 თებერვალი − Sputnik. თირკმელების − ორგანიზმის მთავარი ბიოლოგიური ფილტრის დაზიანება ან მიმდინარე ანთებითი პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, აცხადებენ სპეციალისტები.
მათ ის სიმპტომები ჩამოთვალეს, რომლებიც თირკმელების დაავადებაზე მიანიშნეს და, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.

რა სიმპტომები მეტყველებს თირკმლების დაავადებაზე

უროლოგების თქმით, არსებობს რამდენიმე ცვლილება, რომლებიც შფოთვის მიზეზი და ექიმთან წასვლის საბაბი უნდა გახდეს. ესენია:
ქაფი შარდში − შარდში ქაფის მცირე რაოდენობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ შარდის ნაკადი ძლიერია. მაგრამ თუ ბუშტები სწრაფად არ გაქრა და ამასთან სხვა სიმპტომატიკაც შენიშნეთ, აუცილად მიმართეთ ექიმს. ქაფი ჩნდება მაშინ, როცა შარდში არის ცილა, გარკვეული ტოქსინები ან უჯრედები. ეს იმის ნიშანია, რომ თირკმლების ფუნქცია დაქვეითებულია და სრულფასოვნად ვერ ფილტრავს სისხლს.
შარდის ფერის შეცვლა − გარკვეული ფერის პროდუქტებმა (რევანდი, ჭარხალი, მჟაუნა), B ჯგუფის ვიტამინების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება დროებით შეცვალოს შარდის ფერი. მაგრამ თუ კვება არ იცვლება და შარდი ვარდისფერ ან მოწითალო ელფერს იძენს, ამასთან აქვს მკვეთრი სუნი და ქაფდება – ეს საგანგაშო ნიშანია.
მღვრიე შარდი − ამღვრეული შარდი ან თეთრი, მოყვითალო ფანტელების გაჩენა მასში შარდკენჭოვან დაავადებაზე ან ანთებით პროცესზე მიანიშნებს პიელონეფრიტის ან გლომერულონეფრიტის დროს. შარდის ერთგვაროვანი სიმღვრივე, ფანტელების გარეშე, შესაძლოა გაუწყლოებამ გამოიწვიოს. თუ წყლის მოხმარების გაზრდა პრობლემას არ მოაგვარებს, მიმართეთ ექიმს.
ტკივილის სინდრომი − თირკმლის ჩხვლეტა ვერაფერში აგერევათ. ეს არის მკვეთრი ტკივილი ნეკნების ქვეშ, რომელიც წარმოიქმნება ტალღებად, ხერხემლის მარჯვენა ან მარცხენა მხარის გასწვრივ, გადაეცემა საზარდულის ან მუცლის ღრუში. მას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება.
გარდა ამისა, თირკმელების დაავადებაზე მეტყველებს:
ზოგადი სისუსტე,
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
ტკივილი მუცლის არეში და პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება,
ხშირი შარდვა,
შეშუპებები სახეზე, თვალების გარშემო ან ფეხებზე − ტერფის მიდამოებში,
კანის სიმშრალე და ფერმკრთალობა,
მაღალი წნევა.
ამასთან ექიმები ცალკე აფრთხილებენ ორსულ ქალებს, რომ თირკმლების მდგომარეობა მუდმივად უნდა იკონტროლონ. საქმე ისაა, რომ ფეხმძიმობისას ანთებითი პროცესები უფრო ხშირია და ეს ნეგატიურად აისახება როგორც ორსულის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0