სპიკერი: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება

© Special Investigation Serviceსპეციალური საგამოძიებო სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
სპეციალური საგამოძიებო სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოში სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები ფართოვდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას ეხება. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, პირველ რიგში, ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.
„ეს არ იქნება არა მხოლოდ წლიური ანგარიშები, არამედ შეეძლებათ ნებისმიერ მომენტში სპეციალური ანგარიშების გამოქვეყნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მეორე - სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება საკონკურსო კომისიაში, რომელმაც სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, ნებისმიერი დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე პირადად მან შეარჩიოს.
მესამე - იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები იმისთვის, რომ უფრო მეტი დრო იყოს განსჯისთვის.
მეოთხე - იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე გაიზრდება
მეხუთე - იზრდება საქართველოს პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილების კვორუმი და დამსწრეთა უმრავლესობიდან გაიზრდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
მეექვსე - იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფთა რიცხვი და მის დაქვემდებარებაში ასევე იქნებიან პროკურორები იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინტერესს.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროინტეგრაციის გზაზე. მათ შორისაა ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა.
ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. იგი დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც არ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და დამოუკიდებლად იძიებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს.
საქართველოს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში შედის თანამდებობის პირებისა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, მათ შორის პროკურატურის და პოლიციის თანამშრომლების, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0