ამბავი გურჯი ხათუნისა: თურქეთ-ირანის მზე და ციური ანგელოზი ცოდვილ მიწაზე

  - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
იყო დრო, თუ მუსლიმური ქვეყნის ხელმწიფეს ან დიდებულს ცოლად ქართველი ქალი არ ესვა, მის სახელს ბრწყინვალება აკლდა.
ამის დასტურია დიდი თამარის შვილიშვილის, რუსუდანის ასულ თამარის ისტორია, რომლის სახეც თურქულ ფულსა და ირანის გერბზე ამოიტვიფრა...
ცნობილი არაბი ისტორიკოსი იბნ აჰბარი „სახელმწიფოთა მოკლე ისტორიაში“ იკონიის სასულთნოს შესახებ წერს:
„მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევი, რომელსაც ესმა თურმე მშვენიერება ივერიის მეფის ასულისა და შორით გაუმიჯნურდა მას“.
აჰბარს კვერს უკრავს იმ ეპოქის ეგვიპტელი მემატიანეც:
„ყიას ედ-დინისა და რუსუდანის ასულის — თამარის ქმნულკეთილობა და სიტურფე-აღმატებულება რა ესმა სულთანს, შეევედრა მრავალთა ნიჭითა და ზღვენითა რუსუდანს რათა მიეცა ცოლად ასული თვისი თამარი, თან აღუთქვა არდატოვება რჯულისა ქრისტიანეთისა“.
ერთი შეხედვით წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო მათი შეუღლება, რადგან თამარის მამა და ქეი ხუსრევის მამა ალალი ბიძაშვილები იყვნენ, სისხლით ნათესავების შეუღლებას კი მართლმადიდებლობა სასტიკად კრძალავს. მაგრამ რუსუდანისთვის მთავარი ტახტის შენარჩუნება იყო და იკონიის სულთანთან დამოყვრების შესაძლებლობამ სწორედ რომ სულზე მიუსწრო. ამიტომაც უყოყმანოდ ბრძანა თანხმობა ქეი ხუსრევის შეთავაზებაზე და 13 წლის თამარი 17 წლის სულთანს მიათხოვეს.
ახალ ქვეყანაში მეფის ასულმა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. ქართველთა მიმართ არცთუ კეთილად განწყობილი უდიდესი ისტორიკოსი იბნ ბიბიც კი თამარის მათ მიწაზე შებრძანებას უფლის წყალობად აფასებდა, ხოლო ჯალალ ედ-დინ რუმი ასე ახასიათებდა ქართველ დედოფალს:
„მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება — მათ შორის ყველაზე უმწიკვლო და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული, ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი“.
მართალია, სელჩუკთა სახელმწიფოში ბევრს სმენოდა გურჯი ხათუნის მშვენების შესახებ, მაგრამ იკონია გააოგნა ნანახმა — ქართველი ქალწულის სილამაზემ, სათნოებამ და სიქველემ სრულად შეძრა სასულთნო. ქვეყნის დასალიერიდანაც კი მიდიოდნენ მნახველები, რათა ერთხელ მაინც მოეკრათ მისთვის თვალი.
გურჯი ხათუნი მალე მრავალი პოეტისა და მხატვრის მუზა გახდა. ამბობენ, თამარზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული მოლა ნასრედინი, რის გამოც სულთანმა სამაგალითოდ გააწკეპლინაო სუფი ფილოსოფოსი...
თამარზე უგონოდ შეყვარებულ ქეი ხუსრევს მალე მიავიწყდა ყველა ცოლი, რომელიც მანამდე ჰყოლია და მხოლოდ გურჯ ხათუნთან ატარებდა დროს. ჰოდა, განაწყენებულ და შეურაცხყოფილ პირველ ცოლს თამარი მოუწამლავს — ძლივს გადარჩენია სიკვდილს დედოფალი. გაცოფებულმა სულთანმა სასტიკი პასუხი გასცა თამარის მტრებს — პირველი ცოლიცა და ყველა ის დიდებული თუ მსახურიც, რომელთაც ბრალი მიუძღოდათ გურჯი ხათუნის მძიმე ავადმყოფობაში, სიკვდილით დასაჯა.
თამარზე ამოსდიოდა მზე და მთავრე სულთან ყიას ედ-დინს. ამადაც სურდა, რაღაც ისეთი შეექმნა მის სახელზე, რაც საუკუნეებს გაუძლებდა და უკვდავჰყოფდა მშვენიერ გურჯ ხათუნს. მოიფიქრა კიდეც: ფულზე ბრძანა მისი სახის ამოტვიფრა. 1236 წელს იკონიის სასულთნოში ახალი მონეტა მოიჭრა, რომელზეც ფაფარაყრილ ლომს თავს დანათოდა მზე, ხოლო მის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა.
ასე შეიქმნა აღმოსავლეთში მზისა და ლომის ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდი: ლომი — ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II და მზე — თამარ რუსუდანის ასული.
ასე იქცა ქართველი ქალი ჯერ თურქეთის, ხოლო შემდეგ ირანის „მზედ“, იმ ირანისა და თურქეთისა, რომლებმაც არაერთხელ დაუბნელეს მზე მის მშობლიურ საქართველოს.
მუსლიმები წმინდანივით სცემდნენ თაყვანს გურჯ ხათუნს მას და ორი სამყაროს დედოფალს უწოდებდნენ — მუსლიმურისა და ქრისტიანულისა.
ბრძენი და გულმოწყალე დედოფალი იკონიელებმა გულწრფელად შეიყვარეს. ტახტზე დაბრძანებისთანავე გაუცია თამარს პურის გაიაფების ბრძანება, უმწეოთათვის კი სულაც უფასოდ დარიგება უნებებია. პურის ბაზარი დაუარსებია, რომლის მუშაობასაც თავად აკონტროლებდა თურმე. ღარიბ ქვეშევრდომებზე დედასავით ზრუნავდა დედოფალი — უმზითვო მხევალ-მოახლეებს თვითონ ამზითვებდა და ათხოვებდა.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც თავისი წვლილი შეჰქონდა თამარს: უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა-მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა და სასულთნოს მართვაშიც ერეოდა.
მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა იკონიის დედოფლის მშვიდი ცხოვრება. დედის, რუსუდან მეფის „წყალობით“, მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა თამარი...

ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ისარგებლა რა ლაშას ძის, დავითის უწლოვნობით, რუსუდანმა საქართველოს სამეფო ტახტი დაიკავა. მაგრამ ყმაწვილკაცობაში შესულ უფლისწულს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონოდ შობილი იყო, ბევრი მომხრე გამოუჩნდა სამეფო კარზე.
ამით შეშფოთებულმა რუსუდანმა მზაკვრობა განიზრახა — ძმისწული თამართან გაგზავნა იკონიაში, თანაც საიდუმლოდ მსტოვარიც აახლა და დაავალა, ჩემს სიძე-ქალიშვილს დავითი მოაკვლევინეო. მაგრამ სულთანმა და გურჯმა ხათუნმა სიყვარულითა და პატივით მიიღეს ქართველი უფლისწული. და გაცოფებულმა რუსუდანმა საყვარლობა შესწამა საკუთარ ქალიშვილსა და ძმისწულს.
გააფთრებულ ქეი ხუსრევს უმოწყალოდ უცემია ცოლი, სიკვდილის პირამდე მიუყვანია სათაყვანო დედოფალი, დავითი კი დილეგში ჩაუგდია. მერე კი ქრისტეანობის დატევება და ისლამის მიღება უბრძანებია თამარისთვის. იძულებულ დედოფალს დიდი სიბრძნე გამოუჩენია აქაც: ორთოდოქსულ ისლამს კი არ ეზიარა, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას — მევლევიობას, რომელიც ყველა რელიგიას თანაბარ პატივს მიაგებდა და გამაჰმადიანებას არ მოითხოვდა. და დედოფალი სიცოცხლის ბოლომდე ქრისტეს ერთგული დარჩა.
იკონიის სულთანი მალევე მიხვდა შეცდომას, რომ რუსუდანმა ის თავისი მიზნებისთვის გამოიყენა. პატიება სთხოვა მეუღლეს. თუმცა ამის მერე დიდხანს აღარ უცოცხლია ქეი ხუსრევს — აბანოში მოაშთევინა პირველმა ვაზირმა ფერვანემ.
სულთნის ტახტზე ასულმა ფერვანემ ძალით დაისვა ცოლად თამარი. ახლა ის დასტრიალებდა თავს თამარს და ცივ ნიავს არ აკარებდა მას. სიგიჟემდე უყვარდა გურჯი ხათუნი, უზომოდ ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო მისი გული − არა და არ აპატია თამარმა ქეი ხუსრევის მკვლელობა.
ერთხელაც რაღაც უბრალო მიზეთ სულაც დატოვა სასახლე და განერიდა ფერვანეს. სულთანმა ურჩობისათვის კი არ დასაჯა, არამედ პატიების თხოვნა აახლა პოეტისა და სწავლულის, ჯალალ ედ-დინ რუმის ხელით, რომელთანაც კიდეც მეგობრობდა თამარი და კიდეც მფარველობდა მას. ძალიან დიდ პატივს სცემდა ქართველი დედოფალი რუმს და მისი ხათრით შეურიგდა ფერვანას, მაგრამ სულთანთან ერთად აღარ უცხოვრია.
1277 წელს მონღოლმა დამპყრობლებმა სულთანი ფერვანე მოკლეს და დედოფალი იძულებული გახდა, ვაჟთან ერთად დაეტოვებინა კონია. მაინც ვერ აერიდა დიდ განსაცდელს, ქეი ხუსრევის სხვა შვილების ბრძანებით, ძე მოუკლეს თამარს. შვილის სიკვდილმა საბოლოოდ გატეხა წელში თამარი, საერთოდ გადაიკარგა ქვეყნიდან, გაქრა მისი კვალი. ამის მერე მის შესახებ აღარავითარი ცნობა აღარ მოიპოვება.
ასე გასრულდა ლეგენდა გურჯი ხათუნისა, რომელსაც დიდებული მისი დიდებული ბებიის, თამარ მეფის მსგავსად ეთაყვანებოდნენ და საფიცარ ხატად ჰყავდათ მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში.
დიდი თამარივით მშვენიერი იყო, ჭკვიანი და გონიერი, სახელიც მისი ერქვა. ოღონდ ეგაა, სვებედნიერი მეფისაგან განსახვავებით, უბედური იყო, რამეთუ უცხო ქვეყანაში გაატარა ცხოვრების უდიდესი ნაწილი. მერე კი ისე უკვალოდ გაქრა, თითქოს ციდან მოფრენილი ანგელოზი იყო ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე...
ყველა ახალი ამბავი
0