სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2024
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოსა და იმერეთში ხუთი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს და დალუქეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამი უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, ორი - იმერეთში.
გავრცელებული ინფორმაციით, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები დალუქეს. უკანონო სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0