საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: როგორ ემზადება ცესკო კენჭისყრისთვის
© photo: Sputnik / Stringerცესკო
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. იმისათვის, რომ პარლამენტის არჩევნები მაღალ დონეზე და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში ჩატარდეს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტენსიურად ეცნობა როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ისე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება.
როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთმა ამერიკულმა ორგანიზაციამ - ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) - პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია უკვე დაასრულა და გამოაქვეყნა ანგარიში შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად.
„ცესკო არის მაღალი პროფესიონალიზმის მქონე, კომპეტენტური საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანო, რომელმაც ბოლო წლების არჩევნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებისა და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარების მაღალი ტექნიკური ექსპერტიზა გამოავლინა", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ცესკოსთან მიმართებით რამდენიმე რეკომენდაციაა მოცემული. კერძოდ:
რეკომენდაცია №1
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია.
„კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა ჩარჩო-კონვერტის ისეთი ფორმა და ხმის დათვლის აპარატში ბიულეტენის მოთავსების ისეთი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარულობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კენჭისყრის ფარულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ საკითხს წარმოადგენს, აღნიშნეს ცესკოში.
რეკომენდაცია №2
სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, ორგანიზაცია ცესკოს რეკომენდაციას აძლევს, განიხილოს საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც ჩატარდება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცესკომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა 2018 წლიდან დაიწყო. 2024 წლამდე საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 (შუალედური/ რიგგარეშე) არჩევნები.
„ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე თითქმის წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ პირადად გაეცნონ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არჩევნებში", - ნათქვამია განცხადებაში.
მხოლოდ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით 1,7 ათასზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ინფორმაცია 150 ათასამდე ამომრჩეველმა მიიღო. საერთო ჯამში კი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ 2024 წლამდე 300 ათასამდე ამომრჩეველი იყო ინფორმირებული. მათ შორის, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122 ათასამდე ამომრჩეველმა. მიმდინარე წელს ინფორმირების კამპანია კიდევ უფრო ინტენსიურად გრძელდება.
რეკომენდაცია №3
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა, ამ ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული პირობებისა და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო მასალების შემუშავებით
„ცესკოში შექმნილია როგორც ეთნიკურ უმცირესობების, ისე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფები, სადაც გაწევრიანებული არიან შესაბამის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი მათთან განიხილება", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უზრუნველყოფილია: უსინათლო პირებისთვის საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა; მცირემხედველი პირებისთვის გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ადაპტირებულ/მისაწვდომ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის კაბინა; კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი Q- კოდით, ყრუ პირებისთვის - ჟესტურ ენაზე, ხოლო უსინათლო პირებისთვის აუდიო ფორმატში.
„ცესკოს ვებგვერდზე უსინათლო პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება, საარჩევნო პერიოდში ყრუ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით ცესკოს კონტაქტ-ჰაბში", - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შესაძლებლობა აქვთ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ, ასევე მიიღონ კონტაქტ-ჰაბის ოპერატორის მომსახურება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ასევე ნათარგმნია ამომრჩეველთა ერთიანი სია, საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი.
„საინფორმაციო ვიდეორგოლები ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, ვიდეორგოლები უზრუნველყოფილია სურდო-თარგმანით. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები იმართება მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით მომზადდა ვიდეორგოლი შშმ პირთა სერვისების შესახებ. ვიდეორგოლი ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.
რეკომენდაცია №4
ორგანიზაცია ცესკოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციას აძლევს წარმართონ საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყონ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებს და აქტიურ ინფორმირების კამპანიას გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ ცესკო ყველა ხსენებულ რეკომენდაციასთან მიმართებაში გააგრძელებს კონსულტაციებს პროცესში ჩართულ მხარეებთან იმისთვის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში არ დარჩეს კითხვები რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
2024 წლის ოქტომბერში დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ევროკავშირის საქართველოსადმი ერთ-ერთი მოთხოვნაა.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.