„ხალხის ძალა“: არის თუ არა აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი?

© iStock.com / Alex Potemkinაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2024
გამოწერა
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. დღევანდელი რეალობა საშუალებას გვაძლევს საპირისპირო დასკვნა გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, თავისი არსითა და შინაარსით აშშ არის თუ არა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რამეთუ ქვეყნების ინტერესები პრინციპულად განსხვავდება, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, წლების განმავლობაში აშშ-ს, ქვეყანას, რომელთანაც საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, პირდაპირი ფრენები და უვიზო რეჟიმი, უწოდებენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს.
„სამწუხაროდ, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-დან 30 წლის მანძილზე თითქმის არ შემოსულა ინვესტიციები, ხოლო ე.წ. დახმარების 90%-ს, ფიქტიური „ენჯეოების" გავლით, იღებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.
„ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომ ვინმეს უანგაროდ დაეხმაროს და საქართველოში ფული ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ან რაღაც ამდაგვარში დახარჯოს. ამერიკული ფულით ამერიკული ინტერესების გატარება თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამერიკისა და საქართველოს ინტერესები, ზოგად დონეზე მაინც რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების ავტორების მოსაზრებით, ამერიკული გაგებით სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემაა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივება
„ამ ყველაფრის ფონზე არა მხოლოდ უნდა შევადაროთ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომები, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადებაშია აღნიშნული, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული.
„ამ ყველაფერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ენტონი ბლინკენის - რედ.) დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები", - აღნიშნულია განცხადებაში.
საუბარია ბლინკენის მიერ 5 თებერვალს გამოცემულ ბრძანებაზე, რომლის თანახმად ამერიკელი დიპლომატი თანამშრომლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა", „მამა", „ქმარი" და „ცოლი". როგორც ბლინკენმა განმარტა, ადამიანის სქესი სოციალური კონსტრუქციაა და ყოველთვის არ ემთხვევა დაბადებისას მინიჭებულ სქესს, ამიტომ გენდერულად ნეიტრალური ენის გამოყენება „პატივისცემის დემონსტრირებას და გაუგებრობას თავიდან აიცილებს“.
„პროცესები, რომლებიც ტრადიციისამებრ, აშშ-ში იღებს სათავეს და ევროპაში გრძელდება, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები განეკუთვნებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის" ძალისა და მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფონზე კიდევ უფრო გასაგები ხდება ის ისტერია, რომელიც ქართველმა ფსევდოლიბერალებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ჩინეთისა და აშშ-ის ელჩებთან გამართული შეხვედრების ქრონოლოგიის შესახებ წარმოადგინეს - ახლადდანიშნული პრემიერი კობახიძე ჯერ ჩინეთის ელჩს შეხვდა და შემდეგ აშშ-ის ელჩს. მათი ლოგიკა პრიმიტიულია - პირველი შეხვედრის აბსოლუტური პრივილეგიით ამერიკის ელჩი უნდა სარგებლობდეს, აღნიშნულია განცხადებაში.
„ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფსევდოლიბერალების ლოგიკით არ იმოქმედა, ჩვენთვის მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკმარისი ესეც არაა და დისკუსია ამ საკითხზე ღრმად უნდა გავშალოთ. კერძოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა აშშ თავისი არსითა და შინაარსით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა", - ნათქვამია განცხადებაში.
„ხალხის ძალამ" საქმიანობა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ კელი დეგნანის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0